ახალი ზელანდია ავსტრალიიდან მგზავრებს უკარანტინოდ აღარ მიიღებს

ახალი ზელანდია ავსტრალიიდან მგზავრებისთვის კარანტინის მოთხოვნას თავიდან აამოქმედებს. ავსტრალიაში კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.

"ამ გადაწყვეტილებას მარტივად და მსუბუქად ვერ ვიღებთ. მაგრამ კოვიდ-19-ის ძლიერ გადამდები დელტა ვარიანტის გავრცელების გასაკონტროლებლად, ახალი ზელანდია შეწყვეტს კარანტინის გარეშე ავსტრალიიდან მგზავრების მიღებას", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა.

ასევე ნახეთ: "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა" დელტა ვარიანტთანაც ეფექტურია - ბრიტანული კვლევის სრული ვერსია


ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის როშელ ვალენსკის თქმით, ვირუსის დელტა ვარიანტი აქამდე ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე გადამდები რესპირატორული ვირუსია, რომელიც მას "20-წლიანი კარიერის განმავლობაში" უნახავს.

ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებენ მოქალაქეებს, გაიკეთონ კოვიდსაწინააღმდეგო აცრები და უფრო მარტივად და სწრაფად გადამდები ვარიანტებისგან დაიცვან როგორც საკუთარი თავი, ისე - გარშემომყოფები.

ამავე დროს, ჩინეთი უკმაყოფილებას გამოთქვამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, რომ გაგრძელდეს გამოძიება იმის თაობაზე, მართლაც ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა თუ არა კორონავირუსი. გასულ წელს ჩინეთისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი დასკვნის თანახმად, "უკიდურესად ნაკლებ სავარაუდო" იყო, რომ პანდემიის წყარო ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელებული ვირუსი გახდა. ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ჩინეთმა მაშინ ამ დასკვნის გასაკეთებლად გამოძიებაზე დიდი გავლენა მოახდინა და ინფორმაციის ნაწილი არ გაამჟღავნა.

პანდემიის დაწყებიდან დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ დღეს ტოკიოში ოლიმპიადა გაიხსნა. ოლიმპიური თამაშები ათასობით დამსწრის გარეშე ტარდება და ვირუსის გავრცელების საპრევენციო ზომების გამო შეჯიბრებებს ქვეყნების მხოლოდ 900-მდე წარმომადგენელი და ოფიციალური პირები ესწრებიან.