ამერიკაში ეროვნული პარკების ნაწილი იხსნება

შტატებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთავრობის დახურვის გამო დაკეტილი ზოგიერთი ეროვნული პარკის და მონუმენტის გახსნა გადაწყვიტა

Your browser doesn’t support HTML5

ნიუ იორკის ადგილობრივი მართველობის გადაწყვეტილება


ფედერალური მთავრობის ნაწილობრივი დახურვის გამო, შეერთებულ შტატებში მუზეუმების და ეროვნული პარკების ნაწილი დაიხურა, რამაც ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებში საპროტესტო აქციები გამოიწვია. ადგილობრივმა მმართველობამ ზოგიერთი ეროვნული პარკის და მემორიალის გახსნა გადაწყვიტა და მათი დაფინანსება შტატის ხელისუფლებამ თავის თავზე აიღო.

12-დღიანი შესვენების შემდეგ ნიუ იორკის და ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა, თავისუფლების ქანდაკება გახსნილად გამოცხადდა. პარკს მნახველთა უზარმაზარი რაოდენობა მიაწყდა. „გვეგონა ისე წავიდოდით, ვეღარ ვნახავდით. ყველა მოლოდინს გადააჭარბა! “ - ამბობს აღფრთოვანებული კანადელი ტურისტი.

თავისუფლების ქანდაკება მხოლოდ ერთია 400-მდე ეროვნულ პარკს და მონუმენტს შორის, რომელიც 1 ოქტომბერს მთავრობის ნაწილობრივი დახურვის გამო დაიკეტა. ფედერალურ სააგენტოებს შორის, რომელთაც საბიუჯეტო განხილვების ჩიხში შესვლის გამო დაფინანსება შეუწყდა, ეროვნული პარკების მომსახურებაც აღმოჩნდა. ნიუ იორკის შტატში ტურისტების ნაკლებობით გამოწვეულმა ზარალმა ორიოდ კვირაში მილიონობით დოლარს მიაღწია. შტატმა გადაწყვიტა პარკებისთვის ბიუჯეტიდან 370 ათასი გამოეყო.

ასევე მოიქცნენ 3 სხვადასხვა შტატში. არიზონაში დიდი კანიონის გახსნა 93 ათასი დაუჯდათ. ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო - ამბობს გუბერნატორი ჯენ ბრუერი: არიზონას შტატის ეკონომიკისთვის ტურიზმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა. ჯერჯერობით 7 დღის ბიუჯეტს თავი გავართვით და იმედია, მომავალშიც რამეს მოვახერხებთ“.

ფონდების ორი მესამედი იქვე მდებარე ქალაქ ტუსიანმა გამოყო. ქალაქის მერის, გრეგ ბრაიანის თქმით, მათი ეკონომიკა ძლიერ ზარალდებოდა. ჩვენი ანგარიშით, ზარალმა მარტო ერთ კვირაში მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს საუბარია მხოლოდ პარკის მომსახურების, მანქანის დაყენების და სხვა მინიმალური გადასახადებიდან შემოსულ მოგებაზე. ანუ, საერთო ზარალი რამდენიმე მილიონ დოლარზეა უკვე ასული“ - აცხადებს ქალაქ ტუსიანის მერი.

სამხრეთ დაკოტაში რაშმორის მთის სულ 10 დღით გახსნა 152 ათასი დოლარი დაჯდა. კლდეში გამოკვეთილი 4 პრეზიდენტის მონუმენტს წელიწადში 3 მილიონამდე ტურისტი ნახულობს. იუტაში 8 პარკის 10 დღით გახსნა შტატს მილიონ 600 ათასი დაუჯდა.

რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ ზოგიერთი ეროვნული პარკის დაფინანსება გადაწყვიტა. თუმცა, თეთრი სახლი და დემოკრატებით დომინირებული სენატი დროებითი ზომების წინააღმდეგ გამოდიან და თვლიან, რომ მთავრობამ მუშაობა ერთბაშად და სრულად უნდა განაახლოს.