ნიუ იორკში ისლამური ცენტრის მშენებლობას მწვანე შუქი მისცეს

ნიუ იორკში ისლამური ცენტრის მშენებლობას მწვანე შუქი მისცეს

ნიუ იორკის მუნიციპალური სააგენტოს გადაწყვეტილებამ 2001 წლის ტერორისტული თავდასხმის ადგილის მახლობლად ისლამური ცენტრის მშენებლობას მწვანე შუქი მისცა

ნიუ იორკის მუნიციპალურმა სააგენტომ მწვანე შუქი მისცა ისლამური ცენტრის მშენებლობას, რომელიც ყოფილი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილის მახლობლად განლაგდება. ნიუ იორკის ეს უბანი ცნობილია როგორც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების ეპიცენტრი, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორი ცათამბჯენი დაინგრა.

სამშაბათს ნიუ იორკის ღირშესანიშნაობათა შენარჩუნების კომისიის სხდომამ უარი განაცხადა XIX საუკუნის შენობისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი ნაგებობის სტატუსის მინიჭებაზე. ხსენებული შენობა ამჟამად იკავებს იმ ადგილს, სადაც 13-სართულიანი 100 მილიონ დოლარად შეფასებული ისლამური ცენტრის მშენებლობა იგეგმება. კომისიის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ხსენებული შენობა, რომლიდანაც 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის ეპიცენტრი არ ჩანს, არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაგებობას არქიტექტურული ან ისტორიული თვალსაზრისით.

კომისიის სხდომის დროს აუდიტორიაში მყოფ ზოგიერთ პირს საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა კომისიის გადაწყვეტილებაზე.

პამელა გელერი მოხალისეთა ჯგუფის ლიდერია, რომელიც ისლამური ცენტრის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ხსენებულ ჯგუფში 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებში დაღუპული პირების ნათესავებიც შედიან. გელერი და მისი მომხრეები აღნიშნავენ, რომ ისლამურ ცენტრში შევა მეჩეთი, რაც 11 სექტემერს დაღუპულთა ხსოვნას შეურაცხყოფს.

„ამ გადაწყვეტილებამ 11 სექტემბრის მსხვერპლთა ოჯახებსა და ამერიკელებს დიდი ტკივილი მიაყენა. ამდენად თუ ეს გადაწყვეტილება შერიგებას ისახავდა მიზნად, მათ საპირისპირო მიზანს მიაღწიეს. ნუთუ შეუძლებელია მეჩეთის აშენებაზე უარის თქმა და მის ნაცვლად საზოგადოებრივი ცენტრის აგება?“ განაცხადა პამელა გელერმა.

ისლამური ცენტრის აშენების მომხრეები კი აღნიშნავენ, რომ ცენტრი ყველა ნიუიორკელისთვის ღია იქნება. ამას გარდა, 11 სექტემბრის მსხვერპლთა ნათესავების სხვა ჯგუფმა ცენტრის აშენების მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამ ინიციატივას დეიზი ხანი უძღვება. მისი თქმით:

„ჩვენ მშვიდობის მომხრეები ვართ. მშვიდობა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ გვჯერა, რომ სიმბოლურად ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება თვით ის ფაქტი, რომ ცენტრი იმ ადგილის მახლობლად აშენდება, სადაც ტრაგედია დატრიალდა, რაც, ჩვენი ღრმა რწმენით, ამ ჭრილობების შეხორცებას შეუწყობს ხელს.“

ლიბერალური ებრაული ჯგუფის „ჯეი სტრითის“ წევრები ეთანხმებიან ამ მოსაზრებას.

„ნიუ იორკის მუსლიმები იგივე უფლებებით სარგებლობენ როგორც ყველა დანარჩენი ჩვენთანაგანი. ჩვენ, როგორც ამერიკელ ებრალებს, გვჯერა, რომ ჩვენი რელიგიური მემკვიდრეობა მნიშნველოვნად ამდიდრებს ჩვენ ცხოვრებას და ამდენად როდესაც სხვა მიმდევრობების რელიგიური უფლებები იზღუდება, ჩვენ აუცილებლად ავიმაღლებთ ხმას,“ აღნიშნა „ჯეი სტრითის“ წევრმა ისაკ ლურიამ.

ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა, რომელიც ისლამური ცენტრის მშენებლობას ემხრობა, კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

„მე იმედი მაქვს, რომ მეჩეთის აშენება ქალაქის მოსახლეობას კიდევ უფრო დაახლოებს ერთმანეთთან. მეჩეთის აშენებით ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდება ის ამაზრზენი იდეა, რომ თითქოსდა 11 სექტემბრის თავდასხმები ისლამის იდეალებს შეესაბამებოდა. მუსლიმები ჩვენი ქალაქისა და ჩვენი ქვეყნის ისეთივე განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ როგორც ყველა სხვა მიმდევრობის წარმომადგენლები.“

ისლამური ცენტრის დამაარსებლები აღნიშნავენ, რომ ისინი აპირებენ შენობაში 11 სექტემბრის მსხვერპლთა მემორიალის აგებას. ამას გარდა ისლამური ცენტრის საზედამხედველო საბჭოში არამუსლიმებიც შევლენ. ცენტრის მშენებლობა დაიწყება მაშინ როცა შენობის აგებისთვის საჭირო სახსრები შეგროვდება.