შეერთებულ შტატებში ამჟამად ისლამის დაახლოებით შვიდი მილიონი მიმდევარი ცხოვრობს, მაგრამ მიუხედავად ამისა ამერიკელების უმრავლესობამ ისალმის შესახებ თითქმის არაფერი იცის. ყოველდღიურმა ცნობებმა ბევრს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა თითქოს ისლამი ძალადობასთან, შეუწყნარებლობასთან და ტერორიზმთან ასოციირებული რელიგიური მიმდევრობაა, რამაც, თავის მხრივ, შეერთებული შტატების მუსლიმებთან ურთიერთობა დაძაბა. სწორედ ეს გახლდათ ის მიზეზი, რის გამოც ისლამის მკვლევარმა და ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორმა აკბარ აჰმედმა ახალგაზრდა მკვლევარების გუნდი შეკრიბა და გაემგზავრა ამერიკელ მუსლიმთა მდგომარეობის გასაცნობად. ამ კვლევითი ჯგუფის დაკვირვებების შედეგი გახდა დოკუმენტური ფილმი და წიგნი სათაურით „მოგზაურობა ამერიკაში: ისლამის გამოწვევა.“
ერთი წლის მანძილზე პროფესორმა აჰმედმა და მისმა მკვლევართა ჯგუფმა ამერიკის 75 ქალაქი მოინახულა. ისინი 100-ზე მეტ მეჩეთს, ისლამურ სკოლას თუ მუსლიმთა სახცოვრებელ სახლს ეწვივნენ. ამ ხნის განმავლობაში მათ ამერიკელ მუსლიმებს დაახლოებით 2,000 ინტერვიუ ჩამოართვეს. მკლევარებს ძირითადად აინტერესებდათ ის, თუ როგორ მოსწონთ მუსლიმებს ამერიკაში ცხოვრება. პროფესორი აჰმედი აღნიშნავს, რომ უდავოა ის, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ მუსლიმთა ცხოვრება ამერიკაში უფრო გართულდა.
„ამერიკელ მუსლიმებს ზოგი ეჭვის თვალით უყურებს, ზოგს კი მათ შესახებ არასწორი ინფორმაცია გააჩნია. ამას გარდა თვით ისლამის ხსენება ვნებათა ღელვას იწვევს. ამდენად შეინიშნება გარკვეული გამიჯვნა, რომელიც 11 სექტემბრის ამბებიდან ამდენი წლის შემდეგ მაინც ადვილად შესამჩნევია,“ აღნიშნა აჰმედმა.
პროფესორ აჰმედის წიგნში აღწერილია ის ნოსტალგია, რომლითაც ამერიკელი მუსლიმები იხსენებენ იმ დროს, როცა ისინი კონსტიტუციურად დაცული რელიგიური თავისუფლების უფლებით სარგებლობდნენ და ამას საზოგადოების მხრიდან რაიმე ნეგატიური რეაქცია არ ახლდა. მაგრამ ყოველივე ეს 11 სექტემბრამდე იყო. აჰმედი აღწერს იმ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოხდა. მას მაგალითად სკოლებში ახალგაზრდა ამერიკელი მუსლიმების გამოცდილება მოჰყავს.
„ჩვენ გვსმენია გულისამაჩუყებელი ბევრი ამბავი, მაგრამ ერთი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. ნიუ იორკში მცხოვრებმა 10 წლის ბავშვმა მოგვითხრო, რომ როცა იგი სკოლაში მიდის, მას იქ ცემენ იმის გამო, რომ მოსწავლეებს ჰგონიათ, რომ იგი ტერორისტია. დედამისი პაკისტანში წავიდა და იქ თალიბთა მიერ ავტობუსის აფეთქებას ემსხვეპლა. ამდენად ეს პატარა ბიჭი ზეწოლას განიცდის ექსტრემისტების მხრიდან როგორც მუსლიმანურ სამყაროში ისე აქ რადგან შეერთებულ შტატებში მუსლიმებზე გავრცელებულია მცდარი შეხედულებები,“ აღნიშნა პროფესორმა.
მიუხედავად ამისა, მუსლიმები ამერიკაში ამერიკული ოცნების მოპოვებას ცდილობენ. ბევრი წარმატებულად საქმიანობს ისეთ სფეროებში როგორიც არის მედიცინა, მეცნიერება და მეწარმეობა. შეერთებული შტატების კონგრესში მუსლიმი წევრებიც გამოჩდნენ. აჰმედი აღნიშნავს, რომ მათი წარმატება ახალ გამოწვევას ბადებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მუსლიმებმა განმანათლებელ საქმიანობას უნდა მოკიდონ ხელი რათა არამუსლიმებს ისლამის შესახებ სწორი წარმოდგენა შეექმნათ. აჰმედს მიაჩნია, რომ მუსლიმებმა უნდა დაანახონ ყველას, რომ ისლამის ხშირად ნეგატიური და მცდარი წარმოჩენა შეერთებული შტატების მედიაში სიმართლეს არ შეესაბამება.
აჰმედი აღნიშნავს, რომ თვით ისლამი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რადგან ამერიკელები მსოფლიოს მუსულმანურ ქვეყნებში ძირითადად დიქტატორულ რეჟიმებს, უსამართლობასა და ადამიანის უფლებების უგულვებელყოფას ხედავენ. ხოლო ეს საკმაოდ უარყოფითი სურათი ამერიკაში ისლამის წინააღმდეგ მიმართული სტერეოტიპების გავრცელებას უწყობს ხელს. ანტი-ისლამურ შეხედულებებს აგრეთვე აღვივებს თითოეული ძალადობის ფაქტი, რომელსაც ჩადიან ისლამის სახელით. მაგალითად, შეერთებული შტატების არმიის მუსლიმი ფსიქიატრის მაიორ ნიდალ მალიკ ჰასანის მიერ ტეხასის შტატში განლაგებული ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე განხროციელებული თავდასხმა.
წიგნის ბოლოს პროფესორი აჰმედი აღნიშნავს, რომ ნეგატიური სტერეოტიპების დაძლევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მუსლიმები და არამუსლიმები გაერთიანდებიან ისლამურ სამყაროსთან შეერთებული შტატების ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით. ხოლო ამისთვის კი რასაკვირველია შეერთებული შტატების მთავრობამ ჯერ საკუთარ მუსლიმ მოქალაქეებთან უნდა გააუმჯობესოს ურთიერთობა.
აკბარ აჰმედი იმედოვნებს, რომ მისი წიგნი ყველა წარმოშობის ამერიკელს დაანახებს, რომ მუსლიმი ამერიკელები შეერთებული შტატების მრავალფეროვანი სოციალური ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.