ნიუ-იორკის მერს, 30 წლის წინ სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს

ნიუ-იორკის მერს, ერიკ ადამსს, სექსუალურ ძალადობასა და სხვა დანაშაულებებში სდებენ ბრალს. ქალი მერს სასამართლოში უჩივის და ამტკიცებს, რომ დანაშაული 1993 წელს მოხდა, როდესაც ის და ადამსი ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ და ერთად მუშაობდნენ.

ადამსის სპიკერმა უარყო ბრალდება და თქვა, რომ მერი არ იცნობს ბრალდებულს და არ ახსოვს მასთან შეხვედრა.

"მერმა არ იცის ვინ არის ეს ადამიანი. არ ახსოვს ოდესმე შეხვედრიან თუ არა. მაგრამ, ის არასდროს არაფერს გააკეთებს სხვა ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის მისაყენებლად და კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ ასეთ ბრალდებას", - განაცხადა მერის სპიკერმა.

ადამსის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ერთ-ერთია იმ საჩივრებიდან, რომლებიც ამ კვირაში შეიტანეს საჯარო მოხელეების წინააღმდეგ. ნიუ-იორკის შტატში მოქმედებს "ზრდასრულ გადარჩენილთა კანონი", რომლის საშუალებითაც ასეთი საჩივრების წარდგენა შეიძლება. თუმცა, კანონს სპეციალური ერთწლიანი ვადა გასდის და მომჩივნები ცდილობენ, რომ სარჩელი იქამდე შეიტანონ, ვიდრე კანონი ძალაშია. კანონის მიხედვით, ასეთი სარჩელების სასამართლოში შეტანა შეიძლება მაშინაც, როდესაც დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია.

ნიუ-იორკის შტატის სასამართლოს, ადამსის წინააღმდეგ წაყენებული ბრალისა და საქმის დეტალები არ გაუმჟღავნებია. თუმცა, განცხადებაში ნათქვამია, რომ საჩივარი შეიცავს "სექსუალური ძალადობის" ფაქტებს, ასევე "დასაქმეულის მიმართ დისკრიმინაციას, მომჩივანის სქესის საფუძველზე".

სააგენტო "როიტერი" იტყობინება, რომ მომჩივანი ზიანის ასანაზღაურებლად $5 მილიონს ითხოვს.