ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკი არამოქალაქეებს ხმის მიცემის უფლებას აძლევს


ნიუ-იორკში მცხოვრებ არამოქალაქეებს, მუნიციპალურ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ექნებათ. ქალაქის საბჭოს მიერ, ხუთშაბათს მიღებული გადაწყვეტილება, 800 000 მწვანე ბარათის მფლობელს და ე.წ. მეოცნებეებს, საარჩევნო ყუთთან წვდომას აძლევს. ნიუ-იორკი თითქმის 9 მილიონი მოსახლეობით, ამერიკის ყველაზე დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. რიგით მეორე ლოს-ანჯელესის მოსახლეობა მასზე ორჯერ ნაკლებია.

საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შეჩერება, მხოლოდ მოქმედი მერის, ბილ დე ბლასიოს ვეტოს შეეძლო. თუმცა, დემოკრატი მერი აცხადებს, რომ ის ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს. ჯერ ნათელი არ არის, შესაძლებელია თუ არა, საკრებულოს გადაწყვეტილება, სხვა სამართლებრივი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს.

შეერთეებულ შტატებში, 10-ზე მეტი თემი უკვე ნებას რთავს არამოქალაქეებს, ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებში ხმა მისცენ. მათ შორის, 11 ქალაქი მერილენდშია და ორიც - ვერმონტში. მაგრამ, ნიუ-იორკში ყველაზე მეტ არამოქალაქეს შეეძლება ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით ისარგებლოს.

არამოქალაქეებს კვლავ არ შეეძლებათ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, ასევე - კონგრესმენის არჩევა, ან თუნდაც შტატის დონეზე, გუბერნატორის, მოსამართლეების ან კანონმდებლების არჩევა.

კანონი ავალდებულებს საარჩევნო ბორდს, ივლისამდე წარადგნოს მისი დანერგვის გეგმა. მათ შორის, ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესებისა და დებულებების ჩათვლით. გარდა ამისა, მუნიციპალური არჩევნებისთვის, უნდა შეიქმნას ცალკე ბიულეტენები იმის თავიდან ასაცილებლად, რომ არამოქალაქეებმა ფედერალურ ან შტატის დონეზე გამართულ არჩევნებში ხმის მიცემა ვერ შეძლონ.

მაშინაც კი, თუ დე ბლასიო გადაწყვეტდა კანონპროექტისთვის ვეტო დაედო, საბჭოში მის დასაძლევად საკმარისი მხარდაჭერა იყო. არჩეული მერი ერიკ ადამსი, რომელიც ნიუ-იორკის მერის პოსტზე ბილ დე ბლასიოს შეცვლის, აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს უჭერს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG