"ვირუსი გვებრძვის და ჩვენც ვუბრუნებთ პასუხს," - ეს განცხადება ქალაქ ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მერი ამბობს, რომ ვითარება რთულია მაგრამ ექიმები და შესაბამისი სამსახურები ძალისხმევას არ იშურებენ ადამიანების გადასარჩენად.
"ჩვენ გვებრძვის უხილავი მტერი მთელი შემართებით, მაგრამ ჩვენ ვართ ნიუ-იორკი და ვუბრუნებთ პასუხს. დღეს ჩვენ ყველა ვიბრძვით, ვიბრძვით ადამიანების გადასარჩენად და ვითარებას ვაკონტროლებთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ მზად პიკისთვის და ჩვენ ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ," ამბობს ნიუ-იორკის მერი.
მერმა ეს განცხადება დღეს საწარმოში გააკეთა, სადაც სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო სამოსს დიდი რაოდენობით ამზადებენ შექმნილი დეფიციტის შესავსებად.
"დღეს დღის ბოლოს მზად იქნება 9 200 ქირურგიული სამოსი, კვირის ბოლოს 20 000-მდე, თვის განმავლობაში კი ეს საწარმო მოგვაწვდის 320 000 ასეთ სამოსს, რომელიც ჩვენს ექიმებს ძალიან დაეხმარება," - ამბობს ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო.