რუსეთმა ახალი წლის ღამეს უკრაინაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. სამხრეთ უკრაინაში, გუბერნატორმა ოლეგ კიპერმა თქვა, რომ რაკეტის ნამსხვრევები ოდესის საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე დრონი ჩამოაგდო დასავლეთ უკრაინაში, ლვივის რეგიონში, აცხადებენ იქ ოფიციალური პირები.
საერთო ჯამში, უკრაინის საჰაერო ძალებმა ორშაბათს თქვეს, რომ რუსეთმა რეკორდული - 90 დრონი გაუშვა უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მათგან 87 ჩამოაგდო.
აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებული დონეცკის რეგიონის რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის მიერ ქალაქ დონეცკის დაბომბვის შედეგად, იქ ოთხი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
ზელენსკის საახალწლო მიმართვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ 2024 წელს რუსეთი „იგრძნობს ჩვენი შიდა წარმოების რისხვას“, მათ შორის „მინიმუმ მილიონი“ უკრაინული დრონის ეფექტს.
მან მიუთითა ყირიმში რუსეთის გემზე უკრაინის ბოლო თავდასხმაზე და თქვა, რომ „ჩვენი ქმედებები შავ ზღვაში ბნელ ფურცლად იქცა რუსეთის ფლოტის ისტორიაში“.
ასევე ნახეთ: უკრაინა წელს ჩიხში შესული ომით და დასავლეთის გაჭიანურებული დახმარების მოლოდინით ასრულებსპუტინის საახალწლო მიმართვა
ერისთვის წინასწარ ჩაწერილ საახალწლო მიმართვაში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეაქო რუსეთის "ერთიანი საზოგადოება" და აღნიშნა, რომ რუსეთი არ დაიხევს უკან უკრაინის წინააღმდეგ ომში.
„ის, რაც გვაერთიანებდა და გვაერთიანებს, არის სამშობლოს ბედი, ღრმად გააზრება იმ ისტორიული ეტაპის უმაღლესი მნიშვნელობისა, რომელსაც რუსეთი გადის“, - განაცხადა პრეზიდენტმა და შეაქო რუსეთის მოქალაქეების "სოლიდარობა" და "სიმტკიცე“.
მან ასევე შეაქო რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში", როგორც მას კრემლი უწოდებს. „ჩვენ ვამაყობთ თქვენით; თქვენ გმირები ხართ. თქვენ გრძნობთ მთელი ხალხის მხარდაჭერას“, - განაცხადა პუტინმა.
მასალა ეყრდნობა Associated Press, Agence France-Presse და Reuters-ის ცნობებს.