ამერიკა ირანს ახალ სანქციებს უწესებს

ნიკი ჰეილი, აშშ-ის ელჩი გაეროში, ირანის სარაკეტო პროგრამაზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ახალ სანქციებს უწესებს. სანქციების სამიზნე გახდა თეირანის ბალისტიკურ პროგრამასთან დაკავშირებული 13 პირი, 12 ორგანიზაცია და სხვები.

ტრამპის ადმინისტრაცია პირობას დებს, რომ "აგრესიულად დაუპირისპირდება" თეირანის ძალისხმევას, მოახდინოს დესტაბილიზაცია ახლო აღმოსავლეთში.

ამეირიკის ხაზინის განცხადებით, სანქციები დაუწესდა იმ პირებსა და ქსელებს, რომლებიც მუშაობენ ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მებრძოლებთან და ასევე ირანის მიერ მხარდაჭერილ ლიბანურ ტერორისტულ ჯგუფ "ჰეზბოლასთან".

"ეს არის მხოლოდ საწყისი ნაბიჯები ირანის პროვოკაციულ ქმედებებზე, ირანმა არჩევანი უნდა გააკეთოს“, – ამბობენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ირანის ქცევას „არასტაბილურსა და მიუღებელს“ უწოდებენ.

ოფიციალური პირების თქმით, ახალ სანქციებს წინ უძღოდა სერიოზული განხილვები ამერიკის ბევრ წამყვან უწყებაში, ისევე როგორც მის მოკავშირეებთან.