ახალი სამიზნეები უსაფრთხოებისთვის

„უპირველეს ყოვლისა, ამ შეხვედრით საქართველოს მხარე ისარგებლებს, რომ დააჩქაროს ვიზა–ლიბერალიზაციის პროცესი" - ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი.

უსაფრთხოების საერთაშორისო რიგით 52–ე კონფერენცია მიუნხენში დღეს გაიხსნა და მას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. კონფერენციის მონაწილეებს შორის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმომადგენელია, დაწყებული ნატოს გენერალური მდივნითა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებით, დასრულებული ავღანეთის, ერაყისა და საუდის არაბეთის წარმომადგენლებით. მიუნხენში იმყოფება ფატუ ბენსუდაც, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურორი, რომელიც აგვისტოს ომის დანაშაულებებს სწავლობს და რუსეთის პრემიერ მინისტრიც.

უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი თემატიკა ტერორიზმის საფრთხესა და მიგრაციის კრიზისს მოიცავს. დაგეგმილია დისკუსიების ციკლიც ფინეთის, ლიტვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის. ასევე ერთმანეთს შეხვდრებიან აშშ, გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენლები. დღის წესრიგის თანახმად, დისკუსიაში უკრაინასთან ერთად, საქართველო არ მონაწილეობს. პრემიერ კვირიკაშვილის გამოსვლა მხოლოდ ხვალაა დაგეგმილი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დისკუსიაში. თავის მხირვ, მიუნხენში გაფრენამდე პრემიერის "როიტერისთვის" მიცემული ინტერვიუდან გაისმა გზავნილი, რომლის თანახმად, „ნატო-სა დაევროკავშირთან დაკავშირებით საქართველოს გეგმები რუსეთმა კონფრონტაციის ნიშნად არ უნდა აღიქვას.“

"ამერიკის ხმასთან" პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლევან ბერძენიშვილმა ისაუბრა. „უპირველეს ყოვლისა, ამ შეხვედრით საქართველოს მხარე ისარგებლებს, რომ დააჩქაროს ვიზა–ლიბერალიზაციის პროცესი. თანაც, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანიის პოზიციას. ამ წუთისთვის ევროკომისიას გადასაცემი აქვს ეს, თავისი დადებითი მოსაზრება ევროპარლამენტისთვის. მე აბსულუტურად დარწმუნებული ვარ, ასეთი ტიპის შეხვედრების დროს ასეთი საუბრები იქნება, ვინაიდან, გერმანიის შემთხვევაში, ეს უმაღლეს დონეზე წყდება და კარგია რომ კონფერენციის ადგილი ახლა იქაა.

მე არ ვიცი რუსეთის შემთხვევაში იქნება თუ არ იქნება კონტაქტი. ყველა შემთხვევაში, საქართველო წარმოდგენილია თავისი ყველაზე მაღალი ხელისუფალის სახით და თუ იქნება საჭიროება და საშუალება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კონტაქტი შეიძლება შედგეს. ეს ისეთი ოპერატიული საკითხებია, რომელზეც ნაკლებად აცხადებენ ხოლმე წინასწარ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. წინასწარი აფიშირება არ ხდება, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი რანგის შეხვედრები იქნება და მივიღებთ ამის თაობაზე ინფორმაციას. ჩვენ მომგებიან პოზიციაში ვართ ახლა, რადგან ჩვენი პრემიერ მინისტრი ჩვენც მოგვწონს, მაგრამ ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც მოსწონთ მისი გაწონასწორებულობის, სწორი პოზიციებისა და საკმაოდ თავშეკავებული განცხადებების გამო“ - აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თაობაზე და მასზე ფატუ ბენსუდას დასწრებიდან გამომდინარე მოლოდინებზე "ამერიკის ხმა" პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელს ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა: „ამ საკითხს კომენტარის გარეშე დავტოვებ, გამიჭრდება ვარაუდები გამოვთქვა, რადგან ინფორმაცია არ მაქვს და ასე საუბარი ჩემ სტილს არ შეესაბამება. პირველად თქვენგან გავიგე, რომ მიუნხენში ჰააგის პროკურორი ჩადის“.

მიუნხენის კონფერენცია საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრიბუნაა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს მნიშვნელოვანი გზავნილებისთვის – მიიჩნევს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი, რომელიც ამერიკის ხმამ ჩაწერა: „საქართველო უნდა იყოს მაქსიმალურად ხმამაღალი ბევრ საკითხთან მიმართებით, მათ შორის ოკუპაციის გაგრძელების შესახებ და იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ ასრულებს იმ ცნობილ ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელსაც ხელი 2008 წლის აგვისტოში მოეწერა. საქართველოს მხარემ ყურადღება უნდა გაამახვილოს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებაზე, რომელსაც ქალბატონი ფატუ ბენსუდა ხელმძღვანელობს და ასევე იმაზე, რომ დანაშაულში რუსეთი შეიძლება იყოს მხილებული იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი ალბათობით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოდიოდა ბრძანებები კონკრეტული დანაშაულების ჩადენისა, ან იმისა, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში.“

უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენში, რომელზეც დაახლოებით 30 ქვეყნის ლიდერი და 70 მინისტრია მობილიზებული, ხვალ დასრულდება.