"უნებლიე" და "ტრაგიკული" - ნეთანიაჰუ ისრაელის ძალების საჰაერო დარტყმის შედეგად, ჰუმანიტარული დახმარების პერსონალის დაღუპვაზე საუბრობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმა, რომლის შედეგადაც, საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაიღუპნენ, უნებლიე და „ტრაგიკული“ იყო. საუბარია 7 ადამიანზე, რომლებიც ღაზაში ცნობილი შეფ-მზარეულის, ხოსე ანდრესის საქველმოქმედო ორგანიზაცია "ვოლდ ცენტრალ ქითჩენისთვის" (World Central Kitchen) მუშაობდნენ. ისრაელის სამხედრო უწყება პირობას დებს, რომ მომხდართან დაკავშირებით, დამოუკიდებელი გამოძიება წარიმართება.

ასევე ნახეთ: პოლონეთი ისრაელის ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს

ავტომობილების კოლონაზე თავდასხმა დაადასტურა ისრაელის სამხედრო უწყებამაც. შედეგად, დაიღუპნენ ავსტრალიის, ბრიტანეთის, პოლონეთის მოქალაქეები და პალესტინელები. ასევე, ორმაჰგი მოქალაქეები, შეერთებული შტატებიდან და კანადიდან. საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებით, მათი ავტომობილების კოლონა, ორი დაჯავშნილი და ერთი ჩვეულებრივი ავტომობილისგან შედგებოდა, რომლებზეც ორგანიზაციის ლოგო იყო დატანილი.

ისრაელის სამხედრო უწყება, მომხდართან დაკავშირებით, „გულწრფელ მწუხარებას“ გამოხატავს და ინციდენტის დამოუკიდებელი გამოძიების პირობას დებს. მომხდარის საპასუხოდ, ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის შესამსუბუქებლად, ისრაელზე ზეწოლა იზრდება.

„სამწუხაროდ, გასულ დღეს მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. ჩვენმა ძალებმა, უნებლიედ, არამებრძოლებს ღაზის სექტორში ზიანი მიაყენა“, - თქვა ნეთანიაჰუმ, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

„ომში ეს ხდება. ჩვენ საფუძვლიან გამოძიებას ვატარებთ და მთავრობებთან კონტაქტი გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ განმეორდეს“, - ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

ასევე ნახეთ: ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი "ალ ჯაზირას" მაუწყებლობას შეუწყვეტს

საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებით, კოლონის გადაადგილების შესახებ, მათ ისრაელის არმიასთან კოორდინაცია ჰქონდათ, თუმცა მიუხედავად ამისა, კოლონაზე დარტყმა მაშინ განხორციელდა, როცა ის დეირ ალ-ბალაჰში მდებარე საწყობს ტოვებდა, კოლონა 100 ტონაზე მეტი სურსათით იყო დატვირთული, რომელიც ღაზაში ზღვით შეიტანეს. საქველმოქმედო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ის რაც მოხდა, „მიუტევებელია“.

„ეს არის თავდასხმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ ყველაზე რთულ სიტუაციებში, როცა ომის იარაღად საკვებს იყენებენ“, - განაცხადა ერინ გორმა, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.