NDI-ს კვლევას ხელისუფლება არ ენდობა

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის შესახებაც ინფორმაცია გასული წლის ბოლოს შეგროვდა. მმართველი გუნდისთვის კვლევა ცალსახად არასწორი და მიუღებელია, საზოგადოების დანრჩენი ნაწილი კი მისი ანალიზის პროცესშია.

კვლევამ პოლიტიკური ცხოვრების გარკვეულ ნაწილში მანამდე დაფიქსირებული ტენდენციების გაგრძელება დააფიქსირა, თუმცა არის სიახლეც.

მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი (53 პროცენტი) მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 19 პროცენტს ჰგონია, რომ გზა სწორია. ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში ამბობენ, რომ ამ თვალსაზრისით, გასულ წლებთან შედარებით, ტენდენცია მზარდია.

პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის შეფასება NDI

მოსახლეობის 64 პროცენტი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს (გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი 49 პროცენტი გახლდათ). საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, ქვეყანაში, სადაც მთავარი ორგანო პარლამენტია, მისი უარყოფითი შეფასება ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, მას მოსახლეობის 57 პროცენტი აფასებს უარყოფითად (დადებითად შემფასებელი მხოლოდ 9 პროცენტია). საზოგადოების 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტარებისთვის პრიორიტეტული პირადი ინტერესებია.

დემოკრატიულად ქვეყანას მხოლოდ 33 პროცენტი მიიჩნევს იმ დროს, როდესაც არადემოკრატიულად მას 59 პროცენტი აფასებს. სასამართლოების საქმიანობას კარგად 10 პროცენტი აფასებს, ცუდად კი - 45.

ლიდერების საქმიანობის შეფასების ნაწილში პირველ პოზიციაზეა თბილისის მერი კახა კალაძე. მას მოსახლეობის 44 პროცენტი აფასებს დადებითად (13 ძალიან კარგად და 31 კარგად) იმ დროს, როდესაც პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას დადებითი შეფასების ჯამი 21 პროცენტს არ აღემატება (4 პროცენტი ძალიან კარგი, 17 პროცენტი კარგი). პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ჯამურად 13 პროცენტი აქვს დადებითი, პრეზიდენტ ზურაბიშვილს კი - 9. მისი უარყოფითი შეფასება ჯამურად 54 პროცენტს შეადგენს.

პოპულარულობით პოლიტიკოსებს შორის თბილისის მერი კახა კალაძე და ევროპული საქართველოს წარმომადგენელი დავით ბაქრაძე ლიდერობენ - ორივესადმი დადებით დამოკიდებულებას 34 პროცენტი ავლენს.

მიხეილ სააკაშვილისადმი ფიქსირდება 26 პროცენტის დადებითი დამოკიდებულება. უარყოფითად მას 39 პროცენტი აფასებს. ამ კლასტერში ბიძინა ივანიშვილს 17 პროცენტი აქვს დადებითი და 49 პროცენტი - უარყოფითი. ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი 13 დადებითი და ასევე 49 პროცენტი - უარყოფითი.

დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ NDI

რაც შეეხება პარტიებისადმი მხარდაჭერას, ქართულ ოცნებას 19 პროცენტი აქვს, ნაციონალურ მოძრაობას 13, ევროპულ საქართველოს 7 , ლეიბორისტულ პარტიას 6, პატრიოტთა ალიანსს კი 5. კვლავ მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა და ის 56 პროცენტს შეადგენს. მოსახლეობის 39 პროცენტმა იცის, ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს.

„ქართულ ოცნებაში“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას სერიოზულად არ აღიქვამენ: „მგონია, რომ ესაა მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები იმისთვის, რომ საზოგადოება, გარკვეულწილად, შეიყვანონ შეცდომაში. თუმცა, არავის არაფერი არ გამოუვა, ჩვენ კარგად ვხედავთ და შეგვიძლია ამოვიღოთ და ვნახოთ, თუ როგორი კვლევები ქვეყნდებოდა 2012 წლამდე, 2012 წლის შემდგომ და რა შედეგები იდებოდა. ჩემ რეიტინგს რაც შეეხება, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება პირადად ჩემ მიმართ, ჩემი პარტიის მიმართ, ასე რომ ძალიან კარგად გვაქვს ეს ურთიერთობები აწყობილი საზოგადოებასთან, ხალხთან და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ,“- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მმართველი გუნდის წარმომაგენელი, პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე, ვისაც დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი საქართველოში ლორა თორნტონი შეხვდა, კვლევის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. რაკი საერთაშორისო თვალსაზრისით „უხერხულია“ ისეთი მნიშვნელოვანი და წონიანი ინსტიტუტების წინააღმეგ წასვლა, რასაც დასავლეთში პოლიტიკური წონა და სანდოობა გააჩნია, მდინარაძე „დიპლომატიურად“ ამბობს, რომ „ოცნება“ NDI-ს ენდობა, მაგრამ უნდობლობას აფიქსირებს CRRC-ს მიმართ, ორგანიზაციის, რომელიც NDI -სთვის კვლევას ატარებს. მდინარაძე მიიჩნევს, რომ NDI-ს სახელით წარმოდგენილი კვლევა გაყალბებულია, რადგან მას CRRC-ს უკვეთავენ, ის კი რეალობას მინიმუმ, 30 პროცენტით აცდენილად წარმოადგენს.

NDI დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ. 2020

„კვლევა რამდენად სანდოა, განსაჯოს საზოგადოებამ. როდესაც 15 პროცენტს უწერდნენ „ქართულ ოცნებას“, ის იღებდა 49 პროცენტს. ახლა გვიწერენ 20 პროცენტს და ვიღებთ 49-ზე გაცილებით მეტს, ეს გასაგებია. გნებავთ, ხუმრობით მიიღეთ და გნებავთ სერიოზულად. თუმცა, თავად კვლევას სერიოზულად ვერ შევაფასებ. წარმოიდგინეთ, რას იზამდნენ, კალაძეს, ან ქართულ ოცნებას რომ არ ჰქონდეს გაცილებით მაღალი რეიტინგი, ვიდრე მათ კვლევაშია დაფიქსირებული. ყველა პარტია ატარებს შიდა კვლევას და გარწმუნებთ, რომ CRRC-ს კვლევა, მინიმუმ 30 პროცენტითაა აცდენილი რეალობას,“- ასეთია მამუკა მდინარაძის განცხადება.

რაც შეეხება თავად NDI-ს პოზიციას, საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლორა თორტონი აცხადებს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები პრობლემებს ხედავენ კვლევაში განთავსებულ მონაცემებთან დაკავშირებით და ისინი მზად არიან მომავალში კიდევ იმსჯელონ და განიხილონ მათთან ერთად, როგორც კვლევის მეთოდოლოგია, ასევე რეიტინგების პარამეტრები და დასძენს, რომ კვლევით ორგანიზაციას, ვისი მომსახურებითაც NDI სარგებლობს და ესაა CRRC, სრულად ენდობიან და მათ მიერ დათვლილ შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებენ.

"ამერიკის ხმა" დაინტერესდა იმ მაჩვენებლით, რაც ქართული ოცნების წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ დაასახელა და გასული წლების კვლევები გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ 2016 წლის არცერთ კვლევაში ქართული ოცნებას 15 პროცენტი არ აქვს. NDI -ს ოფისში განგვიცხადეს, რომ 2016 წლის გაზაფხულის კვლევაში ოცნებას 16 პროცენტი აქვს იმ პირობებში, როდესაც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაჩვენებელი 40 პროცენტს შეადგენს. სავარაუდოდ, მამუკა მდინარაძემ სწორედ ეს მაჩვენებლი იგულისხმა კომენტირებისას, მხოლოდ დაბალი რეიტინგი კიდევ უფრო შემცირებულად წარმოადგინა.

"ამერიკის ხმასთან" პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია NDI-ს კვლევას აფასებს. „რაც მნიშვნელოვანია და კვლევაში ჩანს, ესაა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაღალი პროცენტულობა. პოლიტიკური პარტიების ამოცანაა მათი მიმხრობისთვის მუშაობა. თუ ამჟამად ქართულ ოცნებას 20 პროცენტი აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არჩევნებზე სწორედ ამდენს აიღებს, რადგან გასათვალისწინებელია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის არჩევანის საკითხიც, ეს ადამიანები არჩევნებზე მიდიან და ხმას ვიღაცის სასარგებლოდ აძლევენ“ - ამბობს ის.

NDI მოლოდინები პარლამენტარების მიმართ 2020

კორნელი კაკაჩია გვთავაზობს მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რატომ ფიქსირდება ასეთი რადიკალურად სკეპტიკური, უარყოფითი დამოკიდებულება მმართველი გუნდის წარომადგენლების მხრიდან, კვლევის წარმდგენი საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ. მისი თქმით, „მმართველი გუნდის ეს ისტერია დიდი ხანია ფიქსირდება იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ინსტიტუტი არსებობს, რასაც ისინი ვერ აკონტროლებენ, განსხვავებით სასამართლო სისტემის, აღმასრულებელი ხელისუფლებას, პრეზიდენტის ინსტიტუტისგან... NDI, IRI-ზე საქართველოს ხელისუფლებას გავლენა არ აქვს და ამიტომ დიდად გულზე არ ეხატებათ. ოცნება ამბობს, რომ აკეთებს საკუთარ კვლევებს და მათ ენდობა“.

კორნელი კაკაჩიას აზრით, ასეთი დამოკიდებულება ასევე შეიძლება აიხსნას იმით, რომ სავარაუდოდ, ამ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის შედეგები მმართველი გუნდისთვის არაა სასიამოვნო: „ამ ორი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგები რომ ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, ოცნებას ასეთი რადიკალური რეაქცია არ ექნებოდა, მაგრამ რაკი ასე არაა, ოცნებას ეს აფრთხობს. მათ ეშინიათ, რომ კვლევის შედეგები საზოგადოებაში, შესაძლოა, აღქმული იყოს როგორც სიგნალი, რამაც, შეიძლება, გარკვეული გავლენა მოახდინოს განწყობების ფორმირებაზე, დაკარგონ რეიტინგი ან წააგონ არჩევნები. ეს ისტერია ამითაა გამოწვეული. ეს ორივე ორგანიზაცია საკმაოდ წონადია და ავტორიტეტით სარგებლობს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში,“- გვეუბნება კორნალი კაკაჩია.

კვლევა, რომლის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა, NDI-მ 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში ჩაატარა, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამისთვის მათ 2180 პირისპირი ინტერტიუ ჩაატარეს, მათ შორის, სომხური და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებთანაც. ავტორების განცხადებით, კვლევის შედეგების საშუალო ცდომილება 1.9 პროცენტს არ აღემატება.