თუკი დადასტურდა, რომ მილსადენზე და კაბელზე დაზიანება მიზანმიმართულ თავდასხმას უკავშირდება, ნატოს გადამწყვეტი პასუხი ექნება, - ეს განცხადება დღეს, 11 ოქტომბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებში მსჯელობენ გაზსადენის და ტელესაკომუნიკაციო კაბელის ახალ დაზიანებაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია ერთი დღის წინ გახდა საჯაროდ ცნობილი. "ბალტიკკონეკტორი" (Balticconnector) ნატოს ორ წევრს, ფინეთსა და ესტონეთს შორის, ბალტიის ზღვაზე გადის.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონ პოსტი: აშშ-ის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია “ჩრდილოეთის ნაკადზე“ უკრაინის თავდასხმის გეგმის შესახებდაზიანების შესახებ ცნობა მილსადენის ორი ოპერატორიდან ერთ-ერთმა, ფინურმა "გაზგრიდმა" (Gasgrid) გაავრცელა. მათ გაზსადენზე წნევის ვარდნა და შესაძლო გაჟონვა რამდენიმე დღით ადრე, კვირას ღამით, ქარიშხლის დროს შენიშნეს, თუმცა განცხადება მოგვიანებით გააკეთეს.
10 ოქტომბერს ფინეთმა განაცხადა, რომ ზიანი სავარაუდოდ გამოწვეული იყო "გარედან ჩარევით" და რომ დაზიანების გამომწვევი მიზეზების გამოძიება დაიწყებულია. ჰელსინკის განცხადებამ რეგიონული ენერგოუსაფრთხოების გამო შეშფოთების ზრდა და გაზის ფასების მატება გამოიწვია.
„ახლა მთავარია იმის დადგენა, თუ რა მოხდა და როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო", - განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში შეკრებილ ჟურნალისტებს, სამხედრო-თავდაცვითი ალიანსის შეხვედრის წინ.
„თუ დადასტურდება, რომ ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა ნატოსთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულია", - განაცხადა სტოლტენბერგმა და იქვე დასძინა, რომ შესაბამისად, ალიანსის პასუხი იქნება "ერთიანი და მტკიცე".