ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების და კანადის საჰაერო სივრციდან ჩამოგდებული უცნობი ობიექტები ალიანსის მხრიდან მეტი სიფხიზლის აუცილებლობაზე მიუთითებს. იენს სტოლტენბერგი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მოკავშირეებთან მიმართებაში, ჩინეთის და რუსეთის მხრიდან სადაზვერვო აქტივობის გაზრდაზე საუბრობს.
ასევე ნახეთ: ამერიკამ კვირას მე-4 მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო"რაც შეეხება საჰაერო ბუშტებს: ვფიქრობ, ის, რაც ჩვენ შეერთებული შტატების თავზე ვიხილეთ, მე გასულ კვირას ვიმყოფებოდი შეერთებულ შტატებში, იმ ტენდენციის ნაწილია, რომელიც ჩინეთის და ასევე რუსეთის მხრიდან, ბევრი სხვადასხვა პლატფორმის გამოყენების გზით, ნატოს მოკავშირეებისადმი სადაზვერვო და სათვალთვალო აქტივობების გაღრმავებაზე მიუთითებს.
ჩვენ ეს ვიხილეთ კიბერ-სივრცეში, სატელიტებზე, კიდევ უფრო მეტ სატელიტზე, და ვიხილეთ აეროსტატებზე. ეს ხაზს უსვამს ჩვენი სიფხიზლის მნიშვნელობას, ჩვენი ძალების გაღრმავების და ასევე იმის საჭიროებას, რომ ჩვენ გავზარდოთ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და საჰაერო სივრცის კონტროლი და დაცვა" - განაცხადა ბრიუსელში ორშაბათს, 13 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა.
შეერთებული შტატების საბრძოლო თვითმფრინავებმა ბოლო 9 დღეში ამერიკის და კანადის თავზე მყოფი 4 მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. პირველი ჩინეთში იყო დამზადებული, ბოლო 3-ის წარმომავლობა კი ზუსტდება. პენტაგონის განცხადებით, ჩრდილოეთ ამერიკის ავიაციის უსაფრთხოების ძალებში ცის კონტროლის ხარისხი გაზრდილია.
პეკინის განმარტებით, აეროსტატი არა სადაზვერვო, არამედ კვლევითი ფუნქციების იყო. ორშაბათს, 13 თებერვალს ჩინეთმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს ჩინეთის საჰაერო სივრცე აეროსტატების გამოყენებით 10-ზე მეტჯერ დაარღვია. აღნიშნული განცხადება ვაშინგტონმა სწრაფადვე უარყო.