ნატოს ახალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე ამბობს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად სამხედროებს გაგზავნის, ეს ომის ესკალაციას გამოიწვევს. რუტემ ეს განცხადება სოციალურ ქსელ „ექსში“ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ის სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ესაუბრა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოთ კორეასა და რუსეთს შორის თანამშრომლობა მხოლოდ იარაღის და საბრძოლო მასალის მიწოდებით არ შემოიფრაგლებლა, თავდაპირველად სწორედ სეულმა გაავრცელა. სპეციალური სამსახურების ინფორმაციით, რუსეთში ჩრდილოეთ კორეიდან სამხედროების, მათ შორის, ელიტური საბრძოლო ძალების გაგზავნა იგეგმება.
ასევე ნახეთ: „სერიოზული საფრთხე“ - სეულის ცნობით, რუსეთში ჩრდილოეთ კორეამ ჯარები გააგზავნასეულთან ერთად, ამ ინფორმაციას ადასტურებს კიევი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთში გასაგზავნად 10 000 სამხედროს ამზადებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაერთვებიან. კიევი აქვე ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეელთა ნაწილი უკვე იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ.
ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის კავშირების შესახებ დასავლეთში დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ მათ ამ ეტაპზე არ აქვთ მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროებით უკრაინაში იმყოფებიან. სეულის და კიევის მიერ გავრცელებულ ცნობებს უარყოფენ კრემლში.