ნატოს გეგმა - „პატრიოტები“ თურქეთში

ალიანსის მინისტრები „განახორციელებენ თავიანთი მიზნის დემონსტრირებას ნებისმიერი საფრთხის შეკავების შესახებ,“
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი მხარს დაუჭერს თურქეთში სარაკეტო სისტემების განთავსებას, რაც იქნება სირიაში არსებული ძალადობის პასუხი. ასევე, ამით გააფრთხილებენ ასადის რეჟიმს, რათა თავი შეიკავოს ქიმიური იარაღის გამოყენებისგან. ამ საკითხზე, ანდერს ფოგ რასმუსენმა უკვე გამართა შეხვედრები ალიანსის წევრი ქვეყნების, ასევე რუსეთის და პარტნიორი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. დეტალებს ბრიუსელიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი არკვევდა.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ალიანსის მინისტრები „განახორციელებენ თავიანთი მიზნის დემონსტრირებას ნებისმიერი საფრთხის შეკავების შესახებ,“ რომელიც ალიანსის სამხრეთ საზღვართან შეიძლება წარმოიქმნას. ამჟამად ასეთ მონაკვეთად თურქეთ-სირიის საზღვარია მიჩნეული. სირიის ტერიტორიაზე უკვე წელიწადზე მეტია რაც სამოქალაქო ომი გრძელდება. ანკარამ ნატოს დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც სირიის სამთავრობო არმიის საარტილერიო ჭურვები თურქეთის ტერიტორიაზე დაეცა.
როგორც მოსალოდნელია, ალიანსი თურქეთის სამხრეთ რეგიონში სირიის სიახლოვეს ამერიკული „პატრიოტის“ სისტემის თავდაცვით რაკეტებს განალაგებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული სისტემა რაკეტების გადამჭერია და არა შემტევი მექანიზმი. თუმცა, ნატოს ამ გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს რუსეთი. რასმუსენმა განაცხადა, რომ ის შეეცადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დარწმუნებას აღნიშნული გეგმის რუსეთისთვის უსაფრთხოების შესახებ. მისი თქმით, ეს მცდელობა მინისტრების შეხვედრის დროსაც გაგრძელდება.
„ეს სუფთა თავდაცვითი ღონისძიებაა. ჩვენ არ გვაქვს განზრახული მოვამზადოთ შეტევითი ოპერაცია. ამდენად, პატრიოტების შესაძლო განლაგების დანიშნულება თურქეთის ეფექტური თავდაცვის უზრუნველყოფაა,“ - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა სირიის ქიმიური იარაღის მარაგების გამო დიდი შეშფოთება გამოხატა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თურქეთში „პატრიოტის“ რაკეტების განთავსების აუცილებლობას. რასმუსენმა ქიმიური იარაღის გამოყენებას „მთლიანად მიუღებელი“ უწოდა და დასძინა, რომ ამას დაუყოვნებლივი რეაქცია მოყვება.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ავღანეთში საერთაშორისო მისიასთან დაკავშირებულ საკითხებს და ავღანური უსაფრთოხების ძალების შესაძლებლობას, მას შემდეგ, რაც კოალიცია ორ წელიწადში ქვეყანას დატოვებს. რასმუსენის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ავღანეთის არმია შეძლებს საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღებას.