ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ნატო უკრაინის ომში მეტად ჩართვას გეგმავს და ეს მეხანძრის მიერ ცეცხლის გამჩენი ხელსაწყოთი ცეცხლის ჩაქრობის მცდელობას ჰგავს. ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პარასკევს, 31 მაისს გააკეთა.
ორბანი, რომელსაც მოსკოვთან და ვლადიმირ პუტინთან გამორჩეულად კარგი ურთიერთობა აქვს, დასავლელ ლიდერებს უკრაინასთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ დაუპირისპირდა, ის ხშირად ბლოკავს ევროკავშირისა და ნატოს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხება უკრაინის დახმარებას.
ნატო ომს ყოველ კვირა უფრო და უფრო უახლოვდება - თქვა ორბანმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას პრაღაში. იქ მინისტრები სწორედ უკრაინის სამხედრო დახმარების შესაძლებლობებს განიხილავდნენ.
ასევე ნახეთ: რუსეთის თავდასხმა ნატოს წევრზე "ნაკლებად სავარაუდოა", ამბობს ორბანინატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ დადგა დრო, ალიანსის წევრებმა გადახედონ ზოგიერთ იმ შეზღუდვას, რაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისას დააწესეს. საუბარია იმ აკრძალვებზე, რომელთა თანახმადაც უკრაინას არ აქვს უფლება გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის, თუნდაც იმ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, საიდანაც უკრაინის მიმართულებით იერიშები ხორციელდება.
ამერიკამ და გერმანიამ გადაწყვიტეს, უკრაინას მისცენ უფლება, მოიგერიოს ხარკივის მიმართულებით განხორციელებული იერიშები და თუ საჭიროდ მიიჩნევს, დასავლური იარაღით სამიზნეებს ხარკივის საზღვრის მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზეც დაარტყას.