სააკაშვილი ავღანეთში დამატებით 738 ჯარისკაცს აგზავნის

ქართველი მეომრები ავღანეთში

საქართველოს NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდარჭერ ძალებში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ეყოლება. პარლამენტმა 103 ხმით ერთის წინააღმდეგ, გუშინ მხარი დაუჭირა ავღანეთში დამატებით კიდე ერთი ქვეითი ბატალიონის გაგზავნას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონტიგენტის დაქვემდებარებაში იქნება.

შესაბამისი წარდგინებით პარლამენტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 დეკემბერს მიმართა. ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს სამხედრო მისიის რაოდენობა ავღანეთში 937-დან 1675 ჯარიკაცამდე გაიზრდება, რითაც გადაასწრებს ავსტრალიას. აქამდე NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი 1550 ჯარისკაცი სწორედ მწვანე კონტინენტს ჰყავდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე გივი თარგამაძემ ავღანეთში ქართული კონტიგენტის გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ კერძოდ განაცხადა

„ბოლო თვეებმა განსაკუთრებით ყველანაირად დაგვანახა რამდენად წარმატებულია ეს მისია ყველა მიმართულებით. თუნდაც პოლიტიკური მიმართულებით. ეს ჩვენ ვნახეთ იგივე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს და NATO-ს გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტისას.

ჩვენი მეგობარი ქვეყნების მრავალ გამოსვლებში ყველგან არის ხაზგასმული რომ საქართველოს ეს მონაწილეობა შესაბამისად უნდა დაუფასდეს. ამდენად ეს მხარე მნიშვნელოვანია. ეს მისია ასევე ძაან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცების გაწვრთნის თვალსაზრისით.“

პრეზიდენტ სააკაშვილს პარლამენტმა ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების გაგზავნაზე, პირველად თანხმობა 2009 წლის 6 აგვისტოს მისცა.

1608-ე დადგენილებით განისაზღვრა, რომ საფრანგეთის კონტინგენტის დაქვემდებარებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ასეული, ამერიკის შეერთებული შტატების კონტინგენტში – ერთი ქვეითი ბატალიონი, ხოლო თურქეთის კონტინგენტში – ორი ქართველი სამხედრო იმსახურებდა. მიმდინარე წლის თებერვალში პარლამენტმა ავღანეთში არტილერიის ინსტრუქტორების გაგზავნასაც მწვანე შუქი აუნთო.

ქართული სამხედრო კონტიგენტის ზრდასთან ერთად დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობაც იზრდებოდა. 2010 წლის 5 სექტემრიდან მოყოლებული, როცა ჰელმანდის პროვინციაში, 31 ბატალიონის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა, საქართველომ სულ ავღანეთში 10 ჯარისკაცი დაკარგა. იხილეთ.

ოპოზიციის ახალი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი, სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მმართველი პარტია ამ გადაწყვეტილებით საერთაშორისო არენაზე პოლიტიკურ დივიდენდებს აგროვებენ.

თავად ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ავღანეთში ქართული სამხედრო მისია გაგრძელდება, თუმცა ჯარისკაცთა რაოდენობა შეიძლება გადაიხედოს.

ირაკლი სესიაშვილი: „ამ ნაბიჯით პრეზიდენტი სააკაშვილი საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ ქულებს იწერს საერთაშორისო არენაზე. ყველა სახელმწიფოს ლიდერი გამოხატავს დიდ მადლიერებას იმის გამო, რომ საქართველომ ასე გამოიდო თავი ანტიტერორისტულ ოპერაციაში.

ამით კმაყოფილდება ჩვენი ხელისუფლება, ხედავს რომ ამ ნაბიჯებით უფრო მეტ დივიდენდებს იღებს, როგორც პრეზიდენტი და როგორც მმართველი ძალა, ვიდრე სხვა მოქმედებებით. ჩვენ ფაქტობრივად ჩვენი ჯარისკაცების ექსპორტიორი ქვეყანა გავხდით.“

ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ ავღანეთსა და ერაყის ოპერაციებში ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობით მოვახერხეთ პატარა პარტნიორობა ამერიკის შეერთებული შტატების და ისეთი დიდი გაერთიანების, როგორიც NATO-ა.

მე მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო პოზიცია გვიჭირავს ჩვენ ამ კუთხით და მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ ასეთი დიდი გაერთიანების პარტნიორობა ჩვენ მომავალშიც მოვახერხოთ. კონკრეტულად, რამდენია საჭირო, რამდენი უნდა იყოს, დავამატოთ თუ გამოვაკლოთ ამას ანალიზის შემდგომი გადაწყვეტილება მოჰყვება.“

მას შემდეგ, რაც ავღანეთის ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართულმა დიდმა ქვეყნებმა (აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი) საკუთარი სამხედრო ნაწილების შემცირება დაიწყეს, ქართული სამხედრო მისიის გაზრდის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ცვლილება აშკარაა.

თუ პირველ ეტაპზე, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მემარცხენე, პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები (ლეიბორისტული პარტია) აკრიტიკებდნენ, დღეს ავღანეთში ქართველი სამხედროების რიცხვის შემცირებას, უკვე მთელი რიგი პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფები მოითხოვენ.

რესპუბლიკური პარტიის სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „დასავლეთის ქვეყნები, ნატო და ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს დემოკრატიული რეფორმები, - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების, მედიის სახელისუფლებო მარწუხებისაგან გათავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით.

ხელისუფლება კი ამ მოწოდებებს ავღანეთში ქართული კონტიგენტის პერმანენტული ზრდით პასუხობს. ზრდის ნაცვლად ავღანეთში ქართული კონტიგენტის შემცირება უნდა დაიწყოს წელსვე ამერიკელების, ფრანგების და სხვათა შემცირების გრაფიკის პარალელურად და პროპორციულად.

ქვეყნის მომავალი დასავლური სტანდარტების დემოკრატიულ რეფორმებზე გადის და არა სააკაშვილის რეჟიმის გახანგრძლივების მცდელობისთვის დასაღვრელ სისხლზე ავღანეთში“,– მიაჩნიათ რესპუბლიკურ პარტიაში.