ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსი საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი დანაყოფების ნაწილს მოკავშირეთა ტერიტორიაზე განალაგებს. უკრაინას კი ნატო მეტ იარაღს გაუგზავნის საჰაერო თავდაცვისთვის.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი ცდილობს, რომ უკრაინის მთავრობა დაამხოს. "ჩვენ მოწმე ვართ რიტორიკის, მესიჯების, რომლებიც მტკიცედ მიუთითებენ იმაზე, რომ [რუსეთის] მიზანია დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხონ კიევში",- თქვა სტოლტენბერგმა.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ 30-ივე მოკავშირე დაეხმარება უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღით, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით მეტი დეტალი მას არ განუმარტავს.
ასევე ნახეთ: ევროკავშირს სანქცირებულთა სიაში პუტინი და ლავროვიც შეჰყავსუკრაინაზე და მისთვის დახმარებაზე საუბრის დროს სტოლტენბერგმა საქართველოც ახსენა. ნატოს გენერალური მდივნის აზით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მეტი მხარდაჭრა მიიღოს ნატოს და ევროკავშირისგან, რათა გაძლიერდეს.
"დღეს ლიდერებმა, ძალიან ნათლად გამოხატეს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. კრემლი ცდილობს ნატო და ევროკავშირი აიძულოს, რომ ჩვენს პარტნიორებს ნაკლები დახმარება გავუწიოთ. ასე რომ ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცოგოვინა, რათა დავეხმაროთ მათ წარმატებული დემოკრატიული რეფორმების გატარებაში და იმ გზაზე სვლაში, რომელიც მათ აირჩიეს“,- თქვა სტოლტენბერგმა.
ასევე ნახეთ: უკრაინა აშშ-ს სთხოვს, რუსეთი SWIFT სისტემიდან გათიშონსტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მოკავშირეთა ტერიტორიაზე განათავსებს თავისი სწრაფი რეაგირების ძალების ელემენტებს, რომლებიც შედგება სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან.
„ჩვენ ახლა პირველად ვაყენებთ ნატოს რეაგირების ძალებს კოლექტიური თავდაცვის კონტექსტში“, - თქვა მან.