შენქენი: საქართველოში არაეფექტური პლურალიზმია

ინტერვიუ ნეით შენქენთან, “ფრიდომ ჰაუსის” ყოველწლიური ანგარიშის “გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები” პროექტის დირექტორი

ამერიკის ხმა: 2016 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპაში დემოკრატიის მთავარი საფრთხე არალიბერალური პოლიტიკის და პოლიტიკური პარტიების გავრცელება იყო. წელს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში არჩევნები ტარდება, მათ შორის საქართველოში. რა არის საქართველოში დემოკრატიის მთავარი საფრთხე?

ნეით შენქენი: საქართველოს არჩევნებში ვფიქრობ, მთავარი საფრთხე მწვავე პოლარიზებაა. ქართულ პოლიტიკურ სისტემაში არსებული ძალები ერთმანეთის დემონიზებას ცდილობენ, შედეგად თანამშრომლობა ან კონსტრუქციული კრიტიკა შეუძლებელი ხდება. როგორც რეგიონის და ევროპის სხვა ქვეყნებში ვნახეთ, ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს არალიბერალური პარტიების მომძლავრებას, რომლებიც პატივს არ სცემენ დემოკრატიულ პრინციპებს და კითხვის ქვეშ აყენებენ დემოკრატიულ ღირებულებებს, ტოლერანტობას, განსხვავებული აზრის მიღებას.

არ ვამბობ, რომ მსგავსი ძალები მთავარი მოთამაშეები გახდებიან, მაგრამ შეიძლება მათ მეტი მხარდაჭერა და გავლენა მოიპოვონ, ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით.

ამერიკის ხმა: თქვენ ამბობთ, რომ ეს არ არის საქართველოს დემოკრატიის მთავარი საფრთხე, რას მიიჩნევთ უმთავრეს პრობლემად?

ნეით შენქენი: მთავარი პრობლემა სასამართლო სისტემის პოლიტიზირებაა. ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლო სისტემაში პოზიტიური ცვლილებები მიმდინარეობდა, ვფიქრობთ ეს სისტემასთან ურთიერთობა რიგით მოქალაქეებს უფრო გაადვილებული აქვთ. ჩვენ ამას დადებითად ვაფასებთ, რაც სათანადო ქულით გამოიხატა.

მაგრამ ისეთი გახმაურებული საქმეების შემთხვევაში როგორიც იყო ყოფილი მერის - უგულავას და რუსთავი 2-ის საქმეები, ადგილი ჰქონდა ძალიან პოლიტიზირებული გადაწყვეტილებების მიღებას. იყო სასამართლო სისტემის ნაწილებს შორის კონფლიქტი, როცა სასამართლო სისტემის ერთი შტო უარყოფდა მეორე ნაწილის - ზოგჯერ მასზე მაღლა მდგომი ორგანოს გადაწყვეტილებებს. ამ გადაწყვეტილებების სხვაგვარად ახსნა რთულია, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო. ყველაზე მეტად სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გვეშინია.

ამერიკის ხმა: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა არჩეული მთავრობა. პირველად 25 წლის განმავლობაში საუბარია ჩრდილოვან მმართველობაზე. ანგარიშში ნახსენებია ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, როგორ აისახება ეს ფაქტორი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და მის აღქმებზე?

ნეით შენქენი: აღქმებზე საუბარი უფრო ადვილია, რადგან, ზოგადად, არაფორმალური მმართველობის დამტკიცება უფრო რთულია. ანგარიშისთვის და მეთოდოლოგიისთვის, რომელიც დამტკიცებადი ფაქტების თავმოყრას ცდილობს, რთული გასაზომია მთავრობის გადაწყვეტილებებზე სცენის მიღმა მდგარი მილიარდერის ზუსტი გავლენა.

არაფორმალური მმართველობის აღქმა ცალმხრივად საზიანოა. სახიფათოა იმის აღქმა, რომ საქართველოს პოლიტიკას მართავს ანგარიშვალდებულიანი სისტემის მიღმა მდგარი აქტორები. ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ ამ გავლენის ნიშნებს, რომ ივანიშვილს აქვს სისტემაზე გავლენა. რთული სათქმელია თუ როგორ მოგვარდება ეს საკითხი, რთულია ვთქვათ თუ რა მექანიზმებით მოხდება ამ არაფორმალური გავლენის შემცირება.

ამერიკის ხმა: ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მოქმედი და ყოფილი მთავრობების იმედგაცრუებით შეიძლება პრო-რუსულმა ძალებმა იხეირონ. რამდენად სერიოზულია ამის საფრთხე, როცა მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მიმართულებას უჭერს მხარს?

ნეით შენქენი: ჩვენ ვფიქრობთ, არ არსებობს იმის საფრთხე, რომ პრო-რუსულმა ძალებმა იმდენივე ხმა მოიპოვონ რამდენსაც ყოფილი მთავრობა, არც იმის რისკია, რომ ისინი მმართველ პოზიციებს დაიკავებენ. თუმცა არსებობს საფრთხე ისინი უკეთ იყვნენ წარმოდგენილნი და მეტი გავლენა მოიპოვონ.

ამ მხრივ ამ მდგომარეობას ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შევადარებდი, სადაც დისკრედიტირებული ცენტრის ნაცვლად ხალხმა ახლადშექმნილი პარტიების არჩევა დაიწყო. საქართველოშიც შეიძლება იგივე მოხდეს, ქვეყნის მთავარ კურსად ევროპა დარჩეს, მაგრამ უკვე არსებული პარტიებით იმედგაცრუების გამო ხალხმა ახალ პარტიებს მისცეს ხმა.

ამერიკის ხმა: თქვენ ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი. რა ფასდება ამ არჩევნებზე?

ნეით შენქენი: არჩევნებზე გამოჩნდება რამდენად მდგრადია საქართველოში ხელისუფლების არჩევნებით მონაცვლეობის პრიციპი. ასევე, ვნახავთ არის თუ არა ქვეყანა მზად გააგრძელოს გრძელვადიანი რეფორმები, რაზეც ქვეყანა ბოლო 10 წელია მუშაობს. არჩევნები ყველგან და ყოველთვის არის დემოკრატიის ტესტი.

სამწუხაროდ, საქართველო, სომხეთთან ერთად, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკური მეცნიერი იტყოდა - “არაეფექტური პლურალიზმის” მოდელია. არსებობს მრავალფეროვნება და შეჯიბრითობის პრინციპი, მაგრამ ეს არ არის იდეების შეჯიბრი, არამედ ინტერესთა შეჯიბრი.