სამშაბათს, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ქალაქ ნიუ-იორკის გარეუბან ნიუ-როშელში კოვიდ-19-ის გავრცელების შეჩერების საქმეში, ეროვნული გვარდიის ჩართვა მოითხოვა. გუბერნატორის თქმით, აქ არის თავმოყრილი მთელ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ნაწილი.
ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ღონისძიებაა, რაც ამერიკაში ამ დრომდე იქნა გატარებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ნიუ-როშელის სინაგოგის ირგვლივ 1.6 კილომეტრის რადიუსიან იზოლირებულ ზონას აკონტროლებენ. სინაგოგა ნიუ-იორკში, უესტჩესტერის ოლქში, ვირუსის გავრცელების ახალ ეპიცენტრად ითვლება.
"ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ეროვნული გვარდია ამ ზონაში იმისთვის, რომ მოხდეს საჯარო სივრცეების გაწმენდა და ამ ტერიტორიაზე არსებულ სახლებში საკვების მიწოდება", - თქვა კუომომ.
ხუთშაბათიდან, ამ ზონაში არსებული სკოლები, ეკლესიები, სინაგოგები და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა სხვა დაწესებულება დაიკეტება. გუბერნატორი ამბობს, რომ ეს კარანტინად მაინც არ შეიძლება მივიჩნიოთ. მაღაზიები კვლავ გახსნილია, ადამიანებს შეუძლიათ ამ ზონიდან გასვლა და შემოსვლა. მაგრამ, ეროვნული გვარდიის საქმეში ჩარტვის გადაწყვეტილება კუომომ ჯანდაცვის სპეციალისტების საგანგებო რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.
სამშაბათ ღამის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ვირუსით ინფიცირების 849 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან - 173 სწორედ ნიუ-იორკის შტატში, 108 კი - ნიუ-როშელსა და მის შემოგარენში.