"ნასას" კოსმოსური ხომალდი იუპიტერის თანამგზავრზე სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის

ორშაბათს „ნასას“ კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწა დატოვა და იუპიტერის თანამგზავრ ევროპისკენ გაფრინდა, რათა დაადგინოს, ხომ არ იმალება სიცოცხლის გასაღები მის ვრცელ, დამალულ ოკეანეში.

Europa Clipper-ს 5.5 წელი დასჭირდება იუპიტერამდე მისაღწევად. იქ გაზის გიგანტი პლანეტის გვერდით ორბიტაზე გადავა, ევროპას მიუახლოვდება და ათობით წრეზე შემოუვლის.

მეცნიერები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ევროპის ყინულოვანი ქერქის ქვეშ გლობალური ოკეანე არსებობს და სადაც წყალია, იქ შეიძლება სიცოცხლეც იყოს. ეს იუპიტერის მთვარეს (თანამგზავრს) სიცოცხლის ძიების ყველაზე იმედისმომცემ ადგილად აქცევს.

ასევე ნახეთ: ასტეროიდის მოულოდნელმა გამოჩენამ პლანეტარული საფრთხეების მიმართ დაუცველობა წარმოაჩინა

Europa Clipper სიცოცხლის ძებნას არ დაიწყებს, მას სიცოცხლის დამდგენი დეტექტორები არ აქვს. ამის ნაცვლად კოსმოსური ხომალდი ყურადღებას მიმართავს იმ შემადგენელი ნაწილებისკენ, რომელიც სიცოცხლისთვისაა საჭირო, მოძებნის ორგანულ შენაერთებს და სხვა მინიშნებებს.

“ნასას” Clipper-მა თავისი 3 მილიარდ კილომეტრიანი მოგზაურობა SpaceX-ის მეშვეობით დაიწყო. ხომალდი ფლორიდის კენედის კოსმოსური ცენტრიდან Falcon მძიმე რაკეტით აფრინდა. გაშვებიდან ერთი საათის შემდეგ ხომალდი რაკეტის ზედა საფეხურს გამოეყო და გზა გააგრძელა.

5.2 მილიარდი დოლარის ღირებულების მისია თითქმის ჩაიშალა ტრანზისტორების გამო. „ნასამ“ გაზაფხულამდე არ იცოდა, რომ Clipper-ის ტრანზისტორები იუპიტერის ინტენსიური გამოსხივების ველში შეიძლებოდა მოსალოდნელზე უფრო მოწყვლადი ყოფილიყო. ევროპის ორბიტაზე 49 შემოვლის დროს, ხომალდი ყოველ ჯერზე, რამდენიმე მილიონი მკერდის რენტგენის გამოსახულების მისაღები გამოსხივების დოზის ექვივალენტ გამოსხივებას მიიღებს. კოსმოსურ სააგენტოს თვეები დასჭირდა ყველაფრის გადასახედად, სანამ დაასკვნიდა, რომ შეიძლებოდა მისია გეგმის მიხედვით წარმართულიყო.

ხომალდზე 9 ინსტრუმენტია, რომელთა მგრძნობიარე ელექტრონიკა, რადიაციისგან დასაცავად, თუთიის და ალუმინის სქელ კედლებიან ყუთშია მოთავსეული. კვლევა 2034 წლამდე გაგრძელდება.