საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია ეწვია, რომელშიც ალიანსის წევრი 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები არიან. დელეგაციას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს.
3 ოქტომბერს, ბათუმის აეროპორტში, ნატოს წარმომადგენლობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საქართველოს საგარეო ურთიერთობის და მისი უსაფრთხოების საფუძველი ალიანსთან მტკიცე ურთიერთობაა. მან ასევე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში რუსეთის პოზიციების გაძლიერების პირობებში, ამ სივრცეში ნატოს წარმომადგენლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის ახალი კომპონენტი კი შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიას უკავშირდება.
პრემიერის სიტყვის შემდეგ, კომისიის სხდომა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.
კომისიის სხდომამდე, გიორგი გახარია როუზ გოტმიოლერს შეხვდა. მთავრობის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ თქვა, რომ “ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს” და “პოზიტიურად შეფასდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების კუთხით გადადგმული ნაბიჯები.”
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო სექტორთან.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს მეხუთედ სტუმრობს. საბჭო ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა.