ეგვიპტის უმაღლესი სასამართლოს წევრები გაიფიცნენ

საპროტესტო აქციები მუჰამედ მორსის მხარდამჭერი მუსლიმთა საძმოს წინააღმდეგაც არის მიმართული
ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მცდელობამ ძალუფლების კონსოლიდაცია მოეხდინა, ქვეყანაში საპროტესტო ტალღის აგორებას შეუწყო ხელი. საპროტესტო აქციები მუჰამედ მორსის მხარდამჭერი მუსლიმთა საძმოს წინააღმდეგაც არის მიმართული.

ქაიროში, ასობით ეგვიპტელი საპროტესტო დემონსტრაციაზე შეიკრიბა, ეგვიპტის უმაღლესი სასამართლოს წევრები კი პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ.

ისლამური რწმენის განმტკიცებასთან ერთად ხალხისთვის შემწეობის აღმოჩენის საშუალებით მუსლიმთა საძმო წლების განმავლობაში ცდილობდა ეგვიპტელთა გულის მოგებას. მით უფრო გასაკვირია ეგვიპტელთა აგრესია ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ.

ივნისში, მუსლიმთა საძმოს წარმომადგენლის მუჰამედ მორსის პრეზიდენტად არჩევას ლიბერალურად განწყობილმა მრავალმა ეგვიპტელმა დაუჭირა მხარი.

რეგიონალური და სტრატეგიული კვლევების ალ-შარქის ცენტრის დირექტორის მუსტაფა ელ-ლაბადის განცხადებით: „თუ მორსი ვერ ხვდება, რომ თავისი განცხადება უკან უნდა წაიღოს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს არ მარტო პირადად მის, არამედ მთელი მუსლიმთა საძმოს ლეგიტიმურობას. ასე რომ ფსონი გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.“

მუჰამედ მორსიმ მუსლიმთა საძმოსთან და მის პოლიტიკურ ფრთასთან, თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიასთან კავშირი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც ეგვიპტელებს შეპირდა, რომ ყველა ეგვიპტელის პრეზიდენტი იქნებოდა.

ქაიროს ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორის საიდ სადეკის განცხადებით, პრეზიდენტის პირველი ნაბიჯები იმედის მომცემი იყო: „მორსიმ პირველი ორი თვის განმავლობაში შეძლო სკეპტიკოსების დარწმუნება, რომ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას გაატარებდა, როდესაც სამხედრო საბჭოს გენერლების გავლენისგან გათავისუფლდა.“

როგორც ეგვიპტელი პოლიტოლოგი მუსტფა ელ-ლაბადი ამბობს: „ახლა მრავალი ეგვიპტელი შიშობს, რომ მუსლიმთა საძმო მთელ ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს. მათი მეთაური კი ხალხს არ აურჩევია. რა განზრახვა აქვთ ამ ორგანიზაციის წევრებს, რომლებიც არმიაში, პოლიციასა და დაზვერვაში მსახურობენ არავინ იცის.“

დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ თაჰრირის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში ლიბერალების, ნაციონალისტების და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებული ძალები მონაწილეობენ.

ზოგიერთი პოლიტიკური ანალიტიკოსი მუსლიმთა საძმოს მოძველებული პოლიტიკის და იდეების გატარებაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც ეგვიპტეში ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალი საზოგადოება ჩამოყალიბდა.

პრეზიდენტ მორსის კრიტიკოსები მის მეუღლესაც არ ინდობენ და ისლამისტებისადმი სიმპატიაში ადანაშაულებენ. პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, ეგვიპტის პოლიტიკაში უკანასკნელი დღეების მანძლზე ძალზე სახიფათო პოლარიზება შეიმჩნევა, რომელიც ქვეყნას ახალი დესტაბილიზაციით ემუქრება.