22-თვიანი გამოძიების შემდეგ ამერიკის კონგრესმა და საზოგადოებამ საბოლოოდ მიიღო რობერტ მალერის სრული ანგარიში, თუმცა დარედაქტირებული, ზოგიერთი დაფარული სახელითა და ნაწილით. მანამდე, გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა საზოგადოებასა და კონგრესს ანგარიშის მხოლოდ 4-გვერდიანი შეჯამება წარუდგინა და სრული (დარედაქტირებული) ვერსიის გამოქვეყნება მხოლოდ კონგრესის შემდეგ მოუხდა. ამ სრული დარედაქტირებული ვერსიის, ისევე, როგორც შეჯამების თანახმად, პრეზიდენტ ტრამპსა და მისი კამპანიის წევრებს რუსეთთან არ უთანამშრომლიათ, თუმცა ცდილობდა, თუ არა პრეზიდენტი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას - ამის შესახებ სპეციალური გამომძიებელი კონკრეტულ დასკვნებს არ აკეთებს. დემოკრატ კანონმდებლებს ამ მიმართულებით ახლა უფრო მეტი შეკითხვა აქვთ, რადგან როგორც ირკვევა, ანგარიშში განხილულია არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გამოძიებაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.
რობერტ მალერის გამოძიების ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ პრეზიდენტმა თეთრ სახლში თავი გამარჯვებულად ცნო.
„დღეს მეც კარგი დღე მაქვს, რომელსაც ჰქვია: „არა თანამშრომლობა, არა ხელის შეშლა“. სხვათა შორის, ეს არასდროს მომხდარა და არც მოხდება“, - თქვა მან თეთრ სახლში გამოსვლისას.
თუმცა მალერის სრულმა ანგარიშმა განსხვავებული სურათი აჩვენა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის თაობაზე. დეტალურადაა აღწერილი ის რამდენიმე მაგალითი, როდესაც პრეზიდენტი გამოძიებაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. ჩად დეი, „ასოშეიტედ პრესიდან“ ამბობს,რომ ერთ-ერთ ეტაპზე, ტრამპმა თეთრი სახლის მაშინდელ იურისტს დონ მაქგანს უბრძანა, სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი გაეთავისუფლებინა: „მაქგანმა უარი თქვა, მაგრამ, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, „ეს აჩვენებს, რომ პრეზიდენტი გამოძიებას ხედავდა, როგორც მისი პრეზიდენტობის პოტენციურ დასასრულს და საფრთხეს მისი ძალაუფლებისთვის“, - ამბობს დეი.
ანგარიშში აღწერილია 2016 წელს ტრამპის კამპანიის წევრებსა და რუსებს შორის არსებული რამდენიმე კონტაქტი, მაგრამ დასკვნის თანახმად, მათ შორის კრიმინალური კონსპირაციის არსებობის თაობაზე საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. მაგრამ მალერმა არ გააკეთა დასკვნა იმის თაობაზე, ცდილობდა თუ არა პრეზიდენტი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას. ანგარიში არ ასკვნის, რომ ტრამპმა დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არც სრულად ამართლებს მას.
საბოლოოდ კი, გენერალური პროკურორი, უილიამ ბარია ის პირი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის შესახებ არსებული ცნობები არ საჭიროებს შემდგომ სამართლებრივ ქმედებებს.
"იმისგან დამოუკიდებლად, იყო თუ არა ქმედებები მართლმსაჯულებისთვის ხელის შემშლელი, ამ გულწრფელი მოტივების ერთობლიობადამაჯერებლად ეწინააღმდეგება იმ ბრალდებას, რომ პრეზიდენტი განზრახ ცდილობდა გამოძიებისთვის ხელის შეშლას", - განაცხადა გენპროკურორმა.
დემოკრატები ამ მიმართულებით არსებულ ცნობებზე შეშფოთებას გამოთქვამენ და პირობას დებენ, რომ გამოძიებას განაგრძობენ.
„სპეციალურმა გამომძიებელმა ნათლად თქვა, რომ ის არ ამართლებს პრეზიდენტს და ახლა ეს კონგრესის პასუხისმგებლობაა, რომ პრეზიდენტი მისი ქმედებებისთვის ანგარიშვალდებული იყოს. კონგრესმა უნდა მიიღოს სრული, დაურედაქტირებელი ანგარიში იმ მტკიცებულებებთან ერთად, რომლებიც რობერტ მალერმა მოიპოვა", - ამბობს ჯერალდ ნადლერი, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის დემკრატი თავმჯდომარე
სამართლის ანალიტიკოსი დევიდ აბრაამი ამბობს, რომ პასუხგაუცემელი კითხვები ტრამპის ადმინისტრაციას კვლავ ჩრდილს მიაყენებს.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ გამოძიების შედეგები პრეზიდენტისთვის გამარჯვებაა", - ამბობს ის.
პოლიტიკის ექსპერტი ბილ სვინი კი ფიქრობს, რომ მალერის გამოძიებასთან დაკავშირებული კითხვები და წინააღმდეგობა შესაძლოა დაუსრულებლად გაგრძელდეს.
„თუკი ეს კვირებისა და თვეების განმავლობაში გაგრძელდება, ეს იქნება დამატებითი გამყოფი, წინააღმდეგობრივი საკითხი ქვეყანაში, რომელიც ისედაც ძლიერადაა გაყოფილი“, - მიიჩნევს სვინი ამერიკული უნივერსიტეტიდან.
კონგრესმა გენერალური პროკურორი ბარი მომავალ თვეში კითხვებზე პასუხის გასაცემად დაიბარა. დემოკრატებს უახლოეს მომავალში თავად რობერტ მალერის მოსმენაც სურთ.