„არგოს“ პროტოტიპი

ბენ აფლეკის ახალი ფილმი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული
ოსკარის მფლობელი, მსახიობი ბენ აფლეკი ამჟამად რეჟისორის როლში მოგვევლინა. მისი ახალი ფილმი, სახელწოდებით „არგო“ რეალურ ფაქტებზეა აგებული. მოვლენების ეპიცენტრში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცერი, ანტონიო მენდესია. რისკიანი ოპერაციის საშუალებით ის ირანში დატყვევებული 6 ამერიკელი მძევლის გამოხსნას ცდილობს.

თეირანი, 1979 წლის ნოემბერი. ამერიკელი დიპლომატები საელჩოზე თავდასხმას არ ელოდნენ. 52 მათგანი მძევალი აღმოჩნდა. ექვსმა გაქცევა მოახერხა. ვიდრე გაქცეულები კანადის ელჩის სახლში იმალებიან, ტონი მენდესი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცერი ამერიკიდან, მათი გამოხსნის საკმაოდ რისკიან გეგმაზე მუშაობს.

მენდესს ჰოლივუდის პროდიუსერი და გრიმიორი ეხმარებიან და ის, ვითომ გადასაღები მოედნების შესარჩევად, თეირანში ადგილების დასაზვერად მიემგზავრება. მენდესი ამერიკის საელჩოდან გაქცეულების ნახვას მოახერხებს. მათ სულ 72 საათი აქვთ, რომ ახალი საპასპორტო მონაცემები, ბიოგრაფიები და სამსახურები დაიმახსოვრონ.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ტონი მენდესის პროტოტიპი, მერილენდის ერთი ჩვეულებრივი სოფლის არაფრით გამორჩეული პენსიონერი, ოდესღაც დაზვერვის ოფიცერი იყო და ურთულეს ოპერაციებში სიმარჯვით გამოირჩეოდა.

„ძირითადად, საუკეთესო იდეები, რასაც სცენარში და ფილმში ხედავთ, ნამდვილ სპეცოპერაციებზე, რეალურად მომხდარ ფაქტებზეა დაფუძნებული. ჯეიმს ბონდი დიახაც რომ ცოცხალია და ფარულ ოპერაციებში იღებს მონაწილეობას,“ - ხუმრობს ნამდვილი აგენტი, ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა.

ამბობენ, რომ ის შენიღბვის დიდოსტატიც იყო. თეირანში განხორციელებული სპეცოპერაციის გამო დაზვერვის ოფიცერს ცენტრალური სააგენტოს უმაღლესი ჯილდო მიენიჭა. თუმცა, მისი ვინაობა 90-იან წლებამდე გასაიდუმლოებული რჩებოდა.

„მსოფლიოც რომ იხსნა, მაინც შენთვის, ჩუმად უნდა იჯდე და ამ ამბის გახმაურებას შეიძლება ვერც მოესწრო,“- აღნიშნავს დაზვერვის ყოფილი ოფიცერი.

რამდენიმე ათეული წელი ჩრდილში ყოფნის შემდეგ მენდესს ფილმში ოსკაროსანი ბენ აფლეკი განასახიერებს. მის მიერ 33 წლის წინ მოფიქრებული ოპერაცია კი, საზრიანობით და გამბედაობით მაყურებელს დღესაც მოხიბლულს და გაოცებულს ტოვებს.