შავ-თეთრი უხმო ფილმი „არტისტი“, როგორც მოსალოდნელი იყო, ოსკარების მთავარი მოვლენა გახდა. კვირას ღამით კინოაკადემიის 84-ე ცერემონიალზე „არტისტმა“ 5 პრიზი, მათ შორის 3 ყველაზე პრესტიჟული „ოსკარი“ მოიპოვა: საუკეთესო ფილმის, რეჟისორის და მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებლის. 1929 წლის გამართული სულ პირველი ცერემონიალის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უხმო ფილმმა აკადემიის მთავარი პრიზი მოიპოვა.
“ძალზე ამაღელვებელი იყო. თავი ისევ ბავშვად ვიგრძენი, როგორც მაშინ, 30 წლის წინ“ - განაცხადა კულისებში მსახიობმა მერილ სტრიპმა, მას შემდეგ რაც „ოსკარი“ ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის აიღო. 62 წლის მერილის ჯილდოებს შორის აქამდე „ოსკარის“ 17 ნომინაცია და მხოლოდ 2 გამარჯვება იყო.
წუხანდელი ოსკარები ისტორიაში იმ ფაქტითაც შევიდა, რომ 82 წლის ქრისტოფერ პლამერი „ოსკარის“ ყველაზე მხცოვანი მფლობელი გახდა. საღამოს ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებული კინოს თემაზე გადაღებული მეორე ფილმი, მარტინ სკორსეზეს „ჰუგოც“ გახლდათ, რომელმაც აკადემიის 5 პრიზი მოიპოვა.