პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა Რობინ უილიამსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით ისე დაასრულა, რომ არც კი იცოდა, რა სჭირდა. დიაგნოზი მას სიკვდილის შემდეგ დაუსვეს. ლუი სხეულების დემენციის წინააღმდეგ მედიცინა დღეს უძლურია, თუმცა მისი დროულად ამოცნობა და თანმხლები სტერეოტიპების დაძლევა აუცილებელია. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფილმი “რობინის სურვილი” გადაიღეს. თუმცა, ფილმი გაცილებით მეტ რამეზეა, ვიდრე მხოლოდ ამ ერთ, ჯერ კიდევ კარგად შეუსწავლელ დაავადებაზე.
მაშინ ეს მთელი მსოფლიოსთვის შოკი იყო. 6 წლის წინ, მილიონობით ადამიანის საყვარელი მსახიობის, რობინ უილიამსის სხეული, საკუთარ საძინებელში, კისერზე თოკშემოხვეული იპოვეს.
როცა მისი ფერფლი ანდერძის მიხედვით, სან-ფრანცისკოს ყურეში მოაბნიეს და კინომოყვარულები რობინს საბოლოოდ დაემშვიდობნენ, სუიციდის ნამდვილი მიზეზი ჯერ კიდევ არავინ იცოდა. ყველაზე გავრცელებული ვერსია დეპრესია იყო.
სიუზან შნაიდერი, რობინ უილიამსის მეუღლე, დიაგნოზის შეტყობის დღეს იგონებს: „გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გასაცნობად დამიძახეს. მთხოვეს, დავმჯდარიყავი. მითხრეს, რომ რობინის გარდაცვალების მიზეზი იყო დაავადება, სახელად: ლუი სხეულების დემენცია. თურმე, ეს სხეულები რობინის თავის ტვინის ყველა უბანში იპოვეს. ამით აიხსნებოდა ბოლო თვეებში გაჩენილი შიში, შფოთვა, დეპრესია, ჰალუცინაციები, სერიოზული უძილობა, პარანოია. მახსოვს, შენობიდან რომ გამოვედი, კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი. ვიგრძენი, რომ ბოლოს და ბოლოს ამ კითხვებს, ამ ყველაფერს სახელი აქვს. დავიწყე იმის აღქმა, თუ რა მოხდა სინამდვილეში“.
მოგვიანებით, უილიამსის ქვრივმა, რეჟისორ ტეილორ ნორვუდს მიმართა, რათა დოკუმენტური კინოს ენით, მსოფლიოსთვის მისი ქმრის ცხოვრების ბოლო წლები გაეცნო. სიუზანს სურდა, რომ რობინის ისტორია მსგავს კოშმარში მცხოვრებ ბევრ სხვა ოჯახს დახმარებოდა და გაზრდილიყო ცნობადობა ამ ბევრისთვის უცნობ, თითქმის შეუსწავლელ პრობლემაზე - ლუი სხეულების დემენცია.
„ჯერ ერთი, მსგავს დემენციაზე არავის სმენოდა, იმის მიუხედავად, რომ მარტო ამერიკაში ამ დაავადებით მილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობს. და მეორე: რობინის ფანებსაც უნდა სცოდნოდათ, რომ მას სიცოცხლეში ეს დიაგნოზი დასმული არ ჰქონდა და სწორედ ეს გაუგებრობა, თუ რა ხდებოდა მის თავს, იყო ყველაზე მტკივნეული რამ რობინისთვის. ექიმთან კვირაში სამჯერ დადიოდა, იოგას აკეთებდა, იბრძოდა. და ბოლოს: გვინდოდა აუდიტორიისთვის გაგვეცნო რობინი, არა მსახიობი რობინ უილიამსი, არამედ - რობინი“ - ამბობს ტეილორ ნორვუდი, „რობინის სურვილის“ რეჟისორი.
მოწიფულ ასაკში მყოფი სიუზანის და რობინისთვის ეს პირველი ქორწინება არ იყო. თუმცა, ერთად ყოფნის ბედნიერება წყვილს მხოლოდ 3 წელი ერგო. ფილმში სიუზანი დაავადების ერთ-ერთ პირველ ინციდენტს იგონებს. რობინმა ვანკუვერიდან დაურეკა, იქ „ღამე მუზეუმში - 3-ს“ იღებდნენ, მის ბოლო ფილმს. რობინი პანიკაში იყო, ამბობდა, რომ ვერცერთ წინადადებას ვერ იმახსოვრებდა.
„მახსოვს მითხრა: არ ვიცი, რა ხდება. ეს მე აღარ ვარ“ - იგონებს შონ ლევი, რეჟისორი. ფილმში რობინის ახლობლები, მეგობრები, კოლეგები პირველად ყვებიან, თუ როგორ ჩაქრა რობინი თანდათან საკუთარ სხეულში.
სიუზანი ამბობს, რომ რობინი გამუდმებით ეკითხებოდა: „ალცჰაიმერი მაქვს? დემენციაა? შიზოფრენიაა? პასუხი იყო: არა, არა და არა".
მილეა ჩარვატი ნეიროფსიქოლოგია და ამავე დროს, რობინზე გადაღებული ფილმის პროდიუსერიც არის. ის თვლის, რომ რობინის მეუღლე დღეს დიდ საქმეს აკეთებს: „სიუზანი ამ ფილმით და საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. კიბოსგან განსხვავებით, დემენცია ხალხში სტიგმატიზებულია. მას სამარცხვინოდ თვლიან, მალავენ. ამ დროს ეს ჩვეულებრივი ფიზიკური დაავადებაა, ოღონდ - თავის ტვინის. უნდა გავიაზროთ ეს, შევისწავლოთ, გამოვიკვლიოთ ეს დაავადება და წამალზეც ინტენსიურად ვიმუშაოთ“.
ფილმის სახელი „რობინის სურვილი“ კი ერთ ეპიზოდს უკავშირდება, რომელიც გადაღების დროს მოხდა. ერთხელ, კამერის წინ, მისთვის მძიმე თემაზე საუბრის შემდეგ, სიუზანმა ლაპარაკი შეწყვიტა და შესვენება მოითხოვა. ის ყვებოდა, რომ რობინის გარდაცვალების შემდეგ, მის სასთუმალთან რამდენიმე ნივთი იპოვა. ხანდახან შედიოდა მის ოთახში, როცა მოენატრებოდა. ერთხელაც, გადაშალა წიგნი, რომელიც თავთან ედო და გაოგნდა.
„წიგნზე შავით თეთრზე ეწერა: მინდა ადამიანებს დავეხმარო, რომ მათ ნაკლებად ეშინოდეთ. ეს რობინის სურვილი იყო, გამომდინარე ალბათ იქიდან, რომ თავად ვერ მიიღო პასუხი და სწორი დახმარება. იქნებ დიაგნოზი რომ სცოდნოდა, სხვანაირად წასულიყო მისი ცხოვრება. უნდა სცოდნოდა, რა სჭირდა“ - ამბობს ტეილორ ნორვუდი, „რობინის სურვილის“ რეჟისორი.
ბოლო საღამოს ის ცოლს ამ სიტყვებით დაემშვიდობა: „ძილი ნებისა, ჩემო სიყვარულო“. შემდეგ თავის ოთახში გავიდა და კარი გაიხურა.
რობინ უილიამსი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, იუმორით სავსე, მხიარული ადამიანი იყო, რომელიც მთელ მსოფლიოს დღესაც გულიანად აცინებს. სიუზან შნაიდერი იმედს იტოვებს, რომ ვინც ამ დოკუმენტურ ფილმს ნახავს, რობინს უკეთ გაუგებს და იქნებ აღარც შეეშინდეს...
Your browser doesn’t support HTML5