გამოკითხული უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა, შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარს არ უჭერს. კვლევის შედეგები, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა (KIIS) გამოაქვეყნა.
ადგილობრივი მედია, პრეზიდენტ ზელენსკისა და ზალუჟნის შორის უთანხმოების ნიშნებზე ამახვილებს ყურადღებას და არსებობს მოლოდინი, რომ პრეზიდენტმა, შესაძლოა, შეიარაღებული ძალების მეთაური თნამდებობიდან გაათავისუფლოს.
ასევე ნახეთ: ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ამერიკა ფინანსური დახმარების მხრივ უკრაინას "არ უღალატებს"KIIS-ის კვლევით ირკვევა, რომ უკრაინელების მხოლოდ 2% დაუჭერდა მხარს პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, თუ ის ზალუჟნის თანამდებობიდან გადააყენებდა. გამოკითხულთა 72%, ამგვარ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. მკვლევრებმა, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები 1200 ადამიანი 4-10 დეკემბრის პერიოდში გამოკითხეს.
ზალუჟნის მიმართ, საზოგადოების ნდობა 92%-ს შეადგენს. გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ ნდობა 77%-ია. ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ეს ორივე მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტ ზელენსკის ჰკითხეს, სურდა თუ არა შეიარაღებული ძალების მეთაურის სამსახურიდან გათავისუფლება. ზელენსკიმ, მათ შორის რაიმე განხეთქილების არსებობა უარყო, მაგრამ ასევე თქვა, რომ მას სამხედრო ხელმძღვანელების მხრიდან, კონკრეტული შედეგის ხილვა სურდა.
ზელენსკისა და ზალუჟნის შორის დაძაბულობა ღიად გამოჩნდა ნოემბერში, როცა შეიარაღებული ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ ომი ჩიხში შევიდა. ამას პრეზიდენტის ოფისის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მიმდინარე კვირაში, ზალუჟნიმ თქვა, რომ ომი ჩიხში არ არის.
ასევე ნახეთ: ზალუჟნი: ეს ომია და არა - "შოუ", ომი ჩიხში არ შესულა