ოკუპირებულ ლუჰანსკში სეპარატისტი ლიდერი მანქანის აფეთქებისას დაიღუპა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინის ლუჰანსკის რეგიონული ასამბლეის წევრი მიხაილ ფილიპონენკო ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ მისმა ვაჟმა 8 ნოემბერს განაცხადა.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. მომხდარზე უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ აიღო პასუხისმგებლობა. ისინი ამას „ომის დამნაშავის ლიკვიდაციას" უწოდებენ.

სამმართველომ „ტელეგრამის“ არხზე დაწერა:

„ჯალათ ფილიპონენკოს მოცილება წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად განხორციელდა“. სამმართველომ იქვე განმარტა, რომ „ნადირობა გრძელდება“ და „ომის ყველა დამნაშავე და კოლაბორაციონისტი სამართლიან სამაგიეროს მიღებს“.

ასევე ნახეთ: კრემლი ანექსირებული ტერიტორიების დათმობას მოლაპარაკების საგნად არ მიიჩნევს

ფილიპონენკო ლუჰანსკში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ჯარების ყოფილი მეთაური იყო და რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის სადამკვირვებლო ცენტრში ლუჰანსკელ სეპარატისტებსაც წარმოადგენდა. გავრცელებული ცნობების თანახმად, გასული წლის 21 თებერვალს, ის მოკვლის კიდევ ერთ მცდელობას გადაურჩა.

რუსეთის მიერ უკრაინის ლუჰანსკის ანექსიის გამოცხადების შემდეგ, ფილიპონენკო საოკუპაციო ძალების მიერ დაკომპლექტებულ ე.წ. ლუჰანსკის რეგიონულ პარლამენტში, ულტრანაციონალისტური ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის კანონმდებლების ლიდერი გახდა.

უკრაინის ხელისუფლებამ ფილიპონენკოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ბრალდებით ძებნილთა სიაში შეიყვანა.