"იუნისეფი": ლიბანში, ბოლო ორ თვეში, 200-ზე მეტი ბავშვია მოკლული

ბეირუთის ქუჩები ისრაელის საჰაერო შეტევის შემდეგ. ლიბანი, 19 ნოემბერი, 2024 წ.

ლიბანში, ბოლო ორ თვეში, 200-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და 1 100-ზე მეტი დაშავდა, აცხადებს "იუნისეფი". გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი (UNICEF) კონფლიქტის ზონაში მყოფ ბავშვებს ეხმარება როგორც ფსიქოლოგიურად, ისე აუცილებელი მედიკამენტებით, საკვებით, თუ ტანსაცმლით.

კონფლიქტი, რომელიც ისრაელსა და ლიბანს შორის ბოლო ერთ წელზე მეტია გრძელდება, სექტემბრის ბოლოდან ინტენსიურ ომში გადაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა მასშტაბური შეტევა დაიწყო ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლას" პოზიციებზე.

ასევე ნახეთ: ბლინკენი ღაზის ომში "ხანგრძლივი პაუზებისკენ" მოუწოდებს

„მიუხედავად იმისა, რომ ლიბანში ორ თვეზე ნაკლებ დროში 200-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, გაჩნდა შემაშფოთებელი ტენდენცია: მათ სიკვდილს გულგრილად იღებენ ისინი, ვისაც ამ ძალადობის შეჩერება ძალუძს“, - განაცხადა "იუნისეფის" პრეს-სპიკერმა ჯეიმს ელდერმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, „ლიბანელი ბავშვებისთვის ამ საშინელების ჩუმი ნორმალიზება ხდება".

ელდერმა უარი თქვა დაეკონკრეტებინა, თუ ვის გულისხმობდა მათში, ვისაც მომხდარზე, ან ამ პროცესის შეჩერებაზე ეკისრება პასუხისმგებლობა. თუმცა, განაცხადა, რომ ეს ისედაც ყველასთვის გასაგებია, ვინც კი თვალს ახალ ამბებს ადევნებს.

"იუნისეფის" წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული მსგავსება ღაზის სექტორთან. ელდერის თქმით, ღაზაში დაღუპულ 43 000 ადამიანს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბავშვებს. "ლიბანში თითქმის ისევე ხდება, როგორც ღაზაში, ყოვლად მიუღებელი რამ თანდათან ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა", - განაცხადა მან.

Your browser doesn’t support HTML5

დაპირისპირება ისრაელსა და ირანს შორის