მოლდოვის პროდასავლელი პრეზიდენტი მიესალმება ხუთშაბათს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 20 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგების აღიარებას და შესაბამისი გადაწყვეტილებით, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის კონსტიტუციაში შეტანას.
რეფერენდუმზე ამ შეთავაზების მხარდამჭერებმა ძალიან მცირე უპირატესობით მოიპოვეს გამარჯვება - 50.35%. მის საწინააღმდეგო ბანაკთან დაკავშირებით კი ამომრჩეველთა მოსყიდვის არაერთი შემთხვევა და ორგანიზებული კამპანია გამოვლინდა. თუმცა, შედეგებზე დიდი გავლენა მოახდინა საზღვარგარეთ მყოფი პროდასავლელი ამომრჩევლის ხმებმა.
რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა, სადაც მაია სანდუმ 50%-ზე ნაკლები ხმები მოიპოვა. 3 ნოემბერს მოლდოვაში მეორე ტური გაიმართება, სადაც მისი მოწინააღმდეგე კვლავ ალექსანდრ სტოიანოგლო იქნება, პრორუსული პარტიის მიერ მხარდაჭერილი ყოფილი გენერალური პროკურორი.
Your browser doesn’t support HTML5
რეფერენდუმსა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად გაწეულ ძალისხმევაში, პრორუს ბიზნესმენს ილან შორს ადანაშაულებენ, რომელიც ხელისუფლების განცხადებით, ამომრჩევლების მოსყიდვით ცდილობდა ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო შედეგის მიღწევას და სანდუს დამარცხებას.
შორი და რუსეთი, სადაც ის ცხოვრობს, არჩევნებში ჩარევის ბრალდებებს უარყოფენ. თუმცა შორმა საჯაროდ შესთავაზა ფული მათ, ვინც მოლდოველებს დაარწმუნებდა, რეფერენდუმის კითხვაზე უარყოფითი პასუხი გაეცათ და სანდუს წინააღმდეგ მიეცათ ხმა. ის და მისი პრორუსული სოციალისტური პარტია, რომელიც სტოიანოგლოს მხარს უჭერდნენ, კენჭისყრის დღიდან მოყოლებული მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები.
მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ძალისხმევა 2022 წლის თებერვლის შემდეგ გააძლიერა, ოფიციალური მოლაპარაკებები კი ბლოკმა ქვეყანასთან გასულ ზაფხულს, ივნისში დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხუთშაბათს თქვა, რომ კონსტიტუციაში რეფერენდუმის შედეგად ცვლილებების შეტანა არ არღვევს "ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს".