მოლდოვა ენერგოკრიზისს დასრულებულად აცხადებს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ამბობს, რომ მის ქვეყანაში ენერგო კრიზისი დასრულებულია მას შემდეგ, რაც მისმა მთავრობამ რუსულ "გაზპრომთან" ბუნებრივი გაზით მომარაგების თაობაზე კონტრაქტის 5 წლით გაგრძელებას მოაწერა ხელი

ახალი კონტრაქტის თანახმად, მოლდოვამ რუსული გაზის მიღება 1 ნოემბრიდან დაიწყო. უთანხმოება კი მანამდე მხარეებს შორის კონტრაქტით გათვალისწინებულმა ფასმა გამოიწვია. ამ შეყოვნებამ კი ქვეყანაში გაზით მომარაგების სერიოზული შეფერხება გამოიწვია.

მოლდოვამ გასულ თვეში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მას შემდეგ, რაც "გაზპრომთან" მისი წინა კონტრაქტი ამოიწურა, ბუნებრივი აირის სხვა ქვეყნებისგან შეძენა დაიწყო. თუმცა 28 ოქტომბერს მოლდოვის მთავრობამ და "გაზპრომმა" განაცხადეს, რომ მომდევნო ხუთი წლისთვის ფასის დათვლის ახალი ფორმულა შეიმუშავეს და ქვეყნის ენერგომომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.

ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ, რომელიც ენერგო-გიგანტთან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ მოლდოვა 1-ლი ნოემბრიდან ბუნებრივი აირის ფასის საბაზრო ღირებულების დაახლოებით ნახევარს გადაიხდის.