მოლდოვის პრეზიდენტი გამარჯვებას ზეიმობს

მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი

მოლდოვის პროდასავლელმა პრეზიდენტმა, კვირას, არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და პრორუსული სოციალისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი მეტოქე - ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო დაამარცხა.

ხმების 98 %-ის დათვლის შემდეგ, მაია სანდუ 54.35 %-ით ლიდერობდა. წინასაარჩევნო პროცესში გამუდმებით ისმოდა ბრალდებები რუსეთის ჩარევის შესახებ, რასაც მოსკოვი უარყოფდა.

52 წლის პრეზიდენტის, მსოფლიო ბანკის ყოფილი მრჩევლის გამარჯვება, რომლის ლიდერობის პერიოდშიც ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურდა, მისი მხარდამჭერების აზრით, პროდასავლური კურსის გამარჯვებაა.

თუმცა სტოიანოგლოს მიერ ხმათა დიდი რაოდენობის მიღება მიუთითებს, რომ სანდუს პარტიას სერიოზული გამოწვევა ექნება მომდევნო ზაფხულს, საპარლამენტო არჩევნებში. ეს კი, თავის მხრივ, მთავრობის დაკომპლექტების საკითხს გადაწყვეტს.

ასევე ნახეთ: ბრიტანეთი პირობას დებს, რომ მოლდოვის მხრადაჭერას გააგრძელებს

სტოიანოგლო კამპანიის ფარგლებში ამბობდა, რომ მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, მაგრამ სურს რუსეთთან კავშირების გაძლიერებაც, რადგან ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია. სანდუ მას კრემლის "ტროას ცხენს" უწოდებდა და ამბობდა, რომ ის სწორედ რუსეთის ინტერესების გატარებას ცდილობდა. თუმცა, სტოიანოგლო ამას უარყოფდა. მოლდოვასა და რუსეთს შორუს ურთიერთობა განსაკუთრებით 2022 წლის თებერვლის შემდეგ დაიძაბა. მოლდოვა აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას და გმობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას.

"მოლდოვა, შენ გამარჯვებული ხარ, ჩვენი ღირსეული მომავლის არჩევანში არავინ დამარცხებულა", - თქვა სანდუმ, ამომრჩევლებისადმი მიმართვაში და დასძინა, რომ უნდა იმუშაოს იმ პრობლემებზე, რომელთა გამოც მოქალაქეთა თითქმის ნახევარმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

"მე გავიგე თქვენი ხმა, მათიც, ვინც მხარი დამიჭირა და მათიც, ვინც ბატონ სტოიანოგლოს მისცა ხმა. მე ყველა თქვენგანის პრეზიდენტი ვიქნები", - განაცხადა მაია სანდუმ.

მას შემდეგ, რაც 2010 წლიდან, დიასპორას მოლდოვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა, წელს, მოლდოვის ისტორიაში, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ქვეყნის შიგნით, მაია სანდუ სტოიანოგლოს ჩამორჩებოდა (48.8 %), თუმცა მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთ გახსნილი უბნების ხმები დაითვალა, გაირკვა, რომ ამ ხმათა 80% სწორედ სანდუმ მიიღო.

არჩევნების პირველ ტურში მოლდოველმა ამომრჩეველმა რეფერენდუმზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. მათ უნდა გადაეწყვიტათ, სურდათ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება, ქვეყნის კონსტიტუციაში ასახულიყო. რეფერენდუმზე ამ შეთავაზების მხარდამჭერებმა ძალიან მცირე უპირატესობით მოიპოვეს გამარჯვება - 50.35%. მის საწინააღმდეგო ბანაკთან დაკავშირებით კი ამომრჩეველთა მოსყიდვის არაერთი შემთხვევა და ორგანიზებული კამპანია გამოვლინდა. თუმცა, შედეგებზე დიდი გავლენა მოახდინა საზღვარგარეთ მყოფი პროდასავლელი ამომრჩევლის ხმებმა.

ასევე ნახეთ: რუსეთის "უპრეცედენტო ჩარევის" ფონზე მოლდოვაში არჩევნები და რეფერენდუმი გაიმართა