მოლდოვის შს მინისტრი გადადგა

დორინ რეჩანი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრის და კიდევ ორი სხვა მინისტრის განცხადება გადადგომის თაობაზე. პარასკევს, 14 ივლისს, ორი კვირა შესრულდა მას შემდეგ, რაც დედაქალაქ კიშინიოვში, ქვეყნის მთავარ აეროპორტში სროლა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ასევე ნახეთ: მოლდოვაში, შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული პირი გარდაიცვალა

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას, პრემიერმა დორინ რეჩანმა მინისტრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რატომ ტოვებდნენ ისინი დაკავებულ პოსტებს.

ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის ანა რევონჩოს გადადგომას ითხოვდა მას შემდეგ, რაც 30 ივნისს, კიშინიოვის აეროპორტში 43 წლის ტაჯიკმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი მოკლა და მგზავრი დაჭრა. ის მოლდოვაში სტამბოლიდან ჩაფრინდა და მას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს. მამაკაცი მოგვიანებით ინციდენტისას მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, გადადგა მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, ასევე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელი.

პრემიერი ვაკანტურ პოსტებზე პრეზიდენტს ახალ კანდიდატებს სავარაუდოდ ორშაბათს წარუდგენს.