“ადამიანები საქართველოში, მოლდოვასა და ბელარუსში კვლავ იბრძვიან იმისთვის, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი“, - ეს პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვებია ვილნიუსიდან. მოლდოვის საგარეო უწყებამ ამ კვირაში რუსეთის საელჩოსგან თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება მოითხოვა, მიზეზად კი ქვეყნის მიმართ წლების განმავლობაში მოსკოვის "მტრული ქმედებები" დაასახელა. ეს 45 თანამშრომელს შეეხება, როგორც დიპლომატიური სტატუსის მქონე, ისე - ადმინისტრაციულ პერსონალს. მოლდოვა, რომელმაც გასულ წელს უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს. ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, მოლდოვა ახლა სწორედ იმ ნაბიჯებს დგამს დასავლეთთან დაახლოების გზაზე, რომლებიც თბილისისგან იქნებოდა მოსალოდნელი, თუმცა საქართველოს მთავრობა განსხვავებულ არჩევანს აკეთებს.
მოლდოვისთვის არც რუსული სამხედრო აგრესიაა უცხო და არც კრემლის სხვა მეთოდები, იქნება ეს ენერგო-შანტაჟი, ეკონომიკური ემბარგო, დეზინფორმაცია თუ საბოტაჟის მცდელობები. კიშინიოვი ომის დაწყების დღიდან უკრაინას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს და წინ მიიწევს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. თუმცა ამასთან, საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე რუსეთის მიერ შექმნილ „დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობას“ იგივე „დსთ-ს", ახლაღა ეტაპობრივად ტოვებს და კონსტიტუციით დაცულ სამხედრო ნეიტრალიტეტსაც ინარჩუნებს.
მესმის საქართველოს სუსტი მხარეები, მაგრამ პრობლემა ისაა, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა იმას, რასაც მოლდოვა აკეთებს, რაც არის თავისი დაუცველობის, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება",- დენ ფრიდი
საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას მიანიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები მოლდოვის ფრთხილ პოლიტიკას მოსკოვის მიმართ გაცილებით მეტი გაგებით ეკიდებიან, და კიშინიოვს არ აკრიტიკებენ იმისთვის, რისთვისაც - საქართველოს. ვაშინგტონში კი ამბობენ, რომ მოლდოვის პრო-დასავლურმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირება მისი პრიორიტეტია და კიშინიოვის პოზიცია, თბილისისგან განსხვავებით, კითხვებს არ აჩენს.
„მე ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოს ყველანაირი უფლება აქვს, ჰქონდეს ფრთხილი პოლიტიკა მოსკოვის მიმართ. არასდროს მითქვამს, რომ საქართველო უკრაინისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს“, - ამბობს ყველაზე ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერის მქონე ამერიკელი მკვლევარი დენიელ ფრიდი. „მე მესმის საქართველოს სუსტი მხარეები, მაგრამ პრობლემა ისაა, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა იმას, რასაც მოლდოვა აკეთებს - რაც არის თავისი დაუცველობის, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება მაშინ, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს. საქართველო კი ისე გამოიყურება, თითქოს ამის საპირისპიროს აკეთებს და რუსეთთან კავშირებს ზრდის. ამას მოლდოვა ნამდვილად არ აკეთებს“, - განმარტავს დენ ფრიდი.
სულ რამდენიმე თვის წინ მოლდოვამ მოსკოვი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამერიკამ და ევროკავშირმა პრორუს მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესეს, მოქალაქეები კი პროდასავლური კურსის დემონსტრირებისთვის ქუჩაში გამოვიდნენ.
ამერიკის კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ამბობს, რომ მოლდოვა რუსული აგრესიის და ამ აგრესიასთან დაპირისპირების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
„როგორც უკრაინა და საქართველო, მოლდოვაც იყო რუსეთთან დაკავშირებული ძალების მიერ დანაწევრებული და ეკონომიკური ინტერესების, კორუფციისა და ენერგო შანტაჟის მძევალი. ამ მხრივ, მოლდოვა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ როლს, რომელსაც მოსკოვი დიდი ხანია თამაშობს ევროპაში: ცეცხლის გამჩაღებლის და შემდეგ თვითგამოცხადებული მეხანძრის“, - ამბობს კონგრესმენი. ის განმარტავს, რომ მოლდოვაშიც ისევე, როგორც ბევრ სხვა ადგილას, სამეზობლოში თუ მის ფარგლებს გარეთ, პუტინის რეჟიმმა შექმნა, გაამწვავა და გააფართოვა განმეორებითი პრობლემები, რომლებსაც თავისი გავლენის, მეზობლებზე დომინირების და კორუფციისა და მორჩილების გასაზრდელად იყენებდა... „მაგრამ მოლდოვა ასევე არის მაგალითი იმ ქვეყნისა, რომლის მოსახლეობამაც მტკიცედ უარყო პუტინის მავნე დღის წესრიგი”.
Your browser doesn’t support HTML5
მოლდოვა კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც სეპარატისტულ რეგიონში რუსი სამხედროები დგანან. კონსტიტუციის თანახმად, მოლდოვა სამხედრო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. თუმცა, მიუხედავად მოსახლეობის თითქმის თანაბრად გაყოფილი პოზიციებისა, ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტ მოქალაქეს სურს ნატოსთან დაახლოება. ნაწილობრივ, ამ ტენდენციის გამო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოლდოვისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 2021 წლის 3,3 მილიონიდან ერთ წელში 10-ჯერ - 30 მილიონამდე გაიზარდა.
დენ ბიშოფმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მოლდოვის შესახებ ჰელსინკის კომისიაში გამართული მოსმენისას თქვა, რომ მოლდოვა ამერიკისთვის "არის ფრონტის ხაზზე ევროპაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ენერგოუსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს შორის. გასული წლის თებერვლიდან დღემდე, კონგრესის მხარდაჭერით პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოლდოვას, დაახლოებით, 628 მილიონი დოლარი გამოუყო იმისთვის, რომ ის რუსეთის ომის გავლენას გაუმკლავდეს, შექმნას პოლიტიკური და ეკონომიკური მდგრადობა და გააღრმავოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.
მაშინ, როცა უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა მოლდოვაში ყველა სფეროში იგრძნობა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ ფონზე კიშინიოვმა მოახერხა სწორი გზავნილების გამოყენება და მოსკოვზე დამოკიდებულების შესამცირებლად დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება.
ასევე ნახეთ: კრემლის მიზნები მოლდოვაში - ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრთან„ახალი ევროპის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი ლეო ლიტრა ამბობს, რომ რუსეთის აგრესიით უკრაინის შემდეგ ახლა ყველაზე მეტად მოლდოვა ზარალდება. მოსკოვი მრავალ გამოცდილ მეთოდს იყენებს, იქნება ეს ენერგოშანტაჟი, მედიაში დამაპირისპირებელი გზავნილები, უმცირესობების პრობლემებით მანიპულირება, ადგილობრივ მთავრობებთან კავშირი, მიგრანტთა რაოდენობასთან გამკლავების სირთულეები თუ სხვა.
„მაგრამ მოლდოვა ამას საკმაოდ კარგად ართმევს თავს და ამას, რა თქმა უნდა ევროკავშირის მხარდაჭერით ახერხებს, რომ არა ევროკავშირი, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეძლებდა მოლდოვა რუსულ წნეხთან გამკლავებას. ევროკავშირი კი მას ეხმარება სწორედ იმიტომ, რომ კიშინიოვი თავადაა მოწადინებული და ერთგული. დიახ, ქვეყანაში ყველა მოთამაშე ერთ მხარეს არაა, მაგრამ მოლდოვას ახლა გულწრფელად რეფორმატორი მთავრობა ჰყავს და ამით გახდა შესაძლებელი ევროკავშირისგან და სხვა მოთამაშეებისგან დახმარების უზრუნველყოფა", - ამბობს ლიტრა.
მოლდოველი ექსპერტის თქმით, კიშინიოვის წარმატებაში უდიდესი წვლილი იმან შეიტანა, რომ ხელისუფლებას არაორაზროვანი დამოკიდებულება აქვს, როგორც პროდასავლური კურსის, ისე - უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ. ქვეყნის ლიდერებს კი არ აქვთ კავშირი რუსეთთან.
"მოლდოვის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ლიდერებს არ აქვთ არანაირი კავშირი რუსულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ელიტასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის მმართველები არანაირად არ არიან დაკავშირებულნი რუსულ დღის წესრიგთან ან მისით შეზღუდულნი. ვფიქრობ, ბევრ სხვა ქვეყანაში ამგვარი, მათ შორის კორუფციული კავშირები რუსეთში მოქმედ მოთამაშეებთან არაერთ პრობლემას ქმნის და გარკვეულად ზღუდავს მათ პოზიციებსაც", - ხსნის ლეო ლიტრა.
მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში ვიზიტისას ამერიკელ კანონმდებლებს უთხრა, რომ ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოების პარალელურად, კიშინიოვი ტოვებს “გაუფასურებულ” ძველ შეთანხმებებსაც, მათ შორის „დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობას“.
საქართველომ მიუხედავად ბოლო 15 თუ მეტი წლის შთამბეჭდავი პროგრესისა, ვხედავთ, რომ გარკვეულწილად გადაუხვია ამ გზიდან",- დელიბორ როშაჩი
"დსთ"-ს სტრუქტურებში ყოფნას მოლდოველთათვის არანაირი სარგებელი აღარ მოაქვს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი დამფუძნებელი ერთი სახელმწიფო ბარბაროსულად ესხმის თავს მეორე დამფუძნებელ სახელმწიფოს, ახდენს მისი ტერიტორიების ოკუპაციას და ხოცავს მის მოქალაქეებს. ორგანიზაცია აღარ შეიძლება იწოდებოდეს თანამეგობრობად. ჩვენ დავიწყეთ შეთანხმების პარლამენტთაშორისი ასამბლეის დატოვების პროცედურა და სხვა შეთანხმებების დატოვებასაც განვიხილავთ. მოლდოვის მომავალს დიდ ევროპულ ოჯახში ვხედავთ და ვაპირებთ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის კომპლექსურ გზაზე“, - უთხრა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუმ ამერიკელ კანონმდებლებს.
რა განსხვავებაა თბილისისა და კიშინიოვის პოლიტიკურ ნაბიჯებს შორის? ამ კითხვაზე პასუხად, დელიბორ როშაჩი, "ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის სხვაობაა, რომელიც საქართველოსა და მოლდოვის მმართველ პოლიტიკურ ელიტას შორის არსებობს.
„მოლდოვამ ნაწილობრივ გამართლებით, ნაწილობრივ კი საზოგადოების წარმატებული მობილიზაციით მოახერხა, რომ ჰყოლოდა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დასავლური მომავლის ერთგულები არიან. საქართველომ კი მიუხედავად ბოლო 15 თუ მეტი წლის შთამბეჭდავი პროგრესისა, ვხედავთ, რომ გარკვეულწილად გადაუხვია ამ გზიდან“, - ამბობს როშაჩი.
ასევე ნახეთ: რა ხდება მოლდოვაში და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვისსაქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა არგუმენტებს საფუძვლიანად არ მიიჩნევს დენიელ ფრიდიც. მისი აზრით, მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის წევრობის გზაზე მას ხელს საკუთარი ქმედებები უშლის და არა დასავლელი მეგობრების უსამართლო დამოკიდებულება.
„საქმე ისაა, რომ მე არ მესმის, რას აკეთებს საქართველო, რადგან ის სინამდვილეში თავს უფრო დაუცველს იხდის რუსეთის წნეხის მიმართ, რადგან ის საკუთარი თავის იზოლირებას ახდენს დიდი ხნის მეგობრებისგან“, - ამბობს ფრიდი და განმარტავს, რომ ამერიკელებს არ ადარდებთ საქართველოში ან მოლდოვაში პოლიტიკური ძალების შემადგენლობა, რაც ვაშინგტონს აღელვებს, ეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებებია.
მე არ მესმის, რას აკეთებს საქართველო, რადგან ის სინამდვილეში თავს უფრო დაუცველს იხდის რუსეთის წნეხის მიმართ, რადგან ის საკუთარი თავის იზოლირებას ახდენს ძველი მეგობრებისგან",- დენ ფრიდი
„ამერიკა არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის გამო ან „დსთ“- ში ყოფნა-არყოფნის გამო ვინმეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი ჩაიგდო ამ მდგომარეობაში ავტორიტარული ქმედებებისა და დამაპირისპირებელი კულტურული საკითხების გამოყენების შედეგად. იმისთვის, რომ გააძლიერონ თავიანთი ავტორიტარული დღის წესრიგი და მიემხრონ მოსკოვს უმთავრეს სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე“, - განმარტავს დენ ფრიდი. ის დასძენს, რომ საქართველოს მთავრობის ახსნა, რომ მოლდოვას „მეტი გაგებით ეკიდებიან“, არ არის დამაჯერებელი.
„საქართველოს მთავრობის ახსნა არ გამოდგება. მან ძალიან კარგად იცის, რა არის მისი პრობლემა ევროკავშირის გზაზე. ეს მისი საკუთარი მოქმედებებია. დიახ, მოლდოვას გეოგრაფიაც უწყობს ხელს უფრო მეტად, ვიდრე საქართველოს. მაგრამ საქართველოს მთავრობას ნამდვილად აქვს არჩევანი, სივრცე მანევრირებისთვის და ის შედარებით ცუდ არჩევანს აკეთებს. ვიმედოვნებ უკეთეს არჩევანს გააკეთებენ“, - ამბობს ფრიდი.
1 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მოლდოვაში 50 ქვეყნის ლიდერთან ერთად, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ (EPC) სამიტში მიიღო მონაწილება. პრემიერმა “უსამართლო” უწოდა ევროკომისიის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ბლოკმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცა. ევროკომისია საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე წლის ბოლოს მიიღებს.