ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსმა რუსეთისგან ბირთვული იარაღის მიღება დაიწყო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ მისმა ქვეყანამ დაიწყო რუსული ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების მიღება, რომელთაგან ზოგიერთი, მისი თქმით, სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ-ს მიერ 1945 წელს ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე კონტროლს შეინარჩუნებს და მისი განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე 7-8 ივლისისთვის დაიწყება, მას შემდეგ რაც მისთვის საჭირო ტერიტორია და ნაგებობები მზად იქნება.

ეს განლაგება მოსკოვის მხრიდან ამგვარი ქობინების - მოკლე რადიუსის მქონე, შედარებით ნაკლებად ძლიერი ბირთვული იარაღის - პირველი მასშტაბური გადაადგილებაა რუსეთის ფარგლებს გარეთ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა.

ასევე ნახეთ: "ბელარუსი რუსეთის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს რამდენიმე დღეში მიიღებს" - ლუკაშენკო

„ჩვენ გვაქვს რაკეტები და ბომბები, რომლებიც მივიღეთ რუსეთიდან“, - თქვა ლუკაშენკომ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ „რასია-1“-თან ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ "ტელეგრამის" არხზე.

”ბომბები სამჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ჰიროშიმასა და ნაგასაკიზე [ჩამოგდებული], - თქვა მან.

რუსეთის ლიდერმა მარტში განაცხადა, რომ დათანხმდა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას.

შეერთებულმა შტატებმა გააკრიტიკა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, მაგრამ განაცხადა, რომ არ აპირებს საკუთარი პოზიციის შეცვლას სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით და არ უნახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

ასევე ნახეთ: მინსკი ამბობს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა

ამ ნაბიჯს ყურადღებით აკვირდება ასევე ჩინეთიც, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომში, ბირთვული იარაღის გამოყეენების წინააღმდეგია.