ტრამპის ყოფილ ადვოკატს კონგრესში 3 დღე მოუსმენენ

მაიკლ კოენი, პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი ადვოკატი

მაიკლ კოენი, პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი, რომელიც მასთან დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა, ცოტა ხნის წინ კონგრესში გამოცხადდა. დღეს მას სენატის დაზვერვის კომიტეტში დახურულ კარს მიღმა მოუსმენენ.

მოსმენა 3 დღე გაგრძელდება და ხუთშაბათს დასრულდება. ოთხშაბათს კოენს კითხვებს წარმომადგენელთა პალატაში, ზედამხედველობის კომიტეტში დაუსვამენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათის სესია საჯარო იქნება და ტელევიზიით გადაიცემა.

ხუთშაბათს კოენს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში მოუსმენენ. კითხვების ბუნებიდან გამომდინარე, ეს შეხვედრაც დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

დაზვერვის ორივე კომიტეტში მაიკლ კოენს კითხვებს ძირითადად ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე და რუსეთთან შესაძლო კავშირების შესახებ დაუსვამენ. ოთხშაბათის სესიაზე კი მოელიან, რომ საუბარი ასევე შეეხება პრეზიდენტ ტრამპის ფინანსებს, მისი კომპანიის ხელშეკრულებებს და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებს.

საზოგადოების ინტერესი მაღალია კოენის კონგრესში გამოჩენასთან დაკავშირებით. ის ტრამპთან 10 წელზე მეტი ხნის მანძილზე მუშაობდა.

ადვოკატს სასამართლომ ბრალი უკვე დაუმტკიცა და მას სამწლიანი პატიმრობა ელის. კოენმა აღიარა, რომ კონგრესში გამართულ წინა მოსმენებზე ცრუობდა ტრამპის კამპანიის ფინანსურ დარღვევებთან, საბანკო ოპერაციებთან და გადასახადებთან დაკავშირებით.