ამერიკელი ექსპერტი:საქართველო ბევრის მოწონებას დაიმსახურებს

მაიკლ ჩეჩირე ამბობს, რომ დემოკრატია განვითარებადი პროცესია და მას დასასრული არ უნდა ჰქონდეს.
საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების, პრემიერისა და პრეზიდენტის გადადგომის, ისევე როგორც ახალი კონსტიტუციის მნიშვნელობაზე ამერიკის ხმის ქართული რედაქცია ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევითი საბჭოს ანალიტიკოსს მაიკლ ჩეჩირეს ესაუბრა.

ამერიკის ხმა: რას ნიშნავს თავისუფალი, თანაბარი და კონკურენტული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საქართველოში? როგორ შეაფასებთ ამ ნაბიჯს ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე?

მაიკლ ჩეჩირე: ეს ნამდვილად მორიგი, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო საქართველოსთვის, რომელიც მან სწორი მიმართულებით გადადგა. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებით, საქართველომ აჩვენა, რომ არჩევნების გზით ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა შესაძლებელი იყო. თუმცა გუშინდელი არჩევნები იყო ამის კიდევ ერთი დასტური. ეს იყო ძალიან კარგი ნაბიჯი. საქართველო, ამ პროცესით დაიმსახურებს ბევრი ადამიანის მოწონებასა და მხარდაჭერას, როგორც განვითარებადი დემოკრატია.

ამერიკის ხმა: ვინ არის გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ხანგრძლივი დამკვირვებლისთვის? როგორ აღიქვამთ მას?

მაიკლ ჩეჩირე: მაშინ როცა საპრეზიდენტო როლი საქართველოში სუსტდება, გიორგი მარგველაშვილი გვევლინება ადამიანად, რომელიც სავარაუდოდ ამ პოსტზე ყოველდღიურ მოვალეობას კარგად გაუძღვება. ეს ლოგიკურიცაა. ამას გარდა, იგი პრემიერის მოკავშირეა, მასთან უმუშავია, კარგად იცნობს სისტემას და სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს. მეორეს მხრივ, მარგველაშვილი, ერთგვარად აუთსაიდერია, მას შესაბამისად ექნება საინტერესო აზრი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მას აქვს უნიკალური თვისებები, რომ კარგად წარმოადგინოს ქართველები და საქართველო საზღვარგარეთ.

ამერიკის ხმა: საქართველო ორი უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის გარეშე დაიწყებს მალე ცხოვრებას, ძალაში შევა ახალი კონსტიტუციაც. რა პოლიტიკურ ცვლილებებს უნდა ველოდით საშინაო თუ საგარეო ფრონტზე?

მაიკლ ჩეჩირე: მართლაც, ეს ეტაპი შესაძლოა ბევრს ნიშნავდეს საქართველოსთვის. პრემიერმა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ სურს დიდი პერსონალიების როლის შემცირება საქართველოს მთავრობაში და საპრეზიდენტო არჩევნებით ეს მართლაც დავინახეთ. თუ რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხევთ და სიტუაციას შევაფასებთ, არჩევნები, თითქოს ევროკავშირის პატარა სახელმწიფოში ჩატარებული პროცესის ტოლფასი იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.
მართლაც, მომავალი ეტაპი ბევრს შეიძლება ნიშნავდეს, ჩნდება დიდი პოტენციაც, რადგან ეს იქნება იმ ხანის დასაწყისი, როცა უფრო მეტი ყურადღება იქნება გამახვილებული პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და გატარებაზე, და უფრო მოსაწყენი სამუშაოების შესრულებაზე, ვიდრე დომინანტური პოზიციების მოპოვებაზე ქართულ პოლიტიკაში, არა მხოლოდ ამ ეტაპზე არამედ მუდმივად.

მეორეს მხრივ, არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშრებით, თუ როგორ მოახდენს ამ წუთებისთვის ორი მთავარი ლიდერი გარედან სიტუაციაზე გავლენას. ასეთი რამ ხდება ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში ევროპულ სახელმწიფოებში, იაპონიაში, ისე რომ ეს არ არის უჩვეულო. მაგრამ ის, თუ როგორ განაპირობებს ასეთი რამ სიტუაციის მიმდინარეობას, ეს სხვა საკითხია.

ამერიკის ხმა: როგორ დამოკიდებულებას ელით რუსეთთან?

მაიკლ ჩეჩირე: მე გარღვევებს არ ველი ამ კუთხით. ბევრი კუთხით მე ველი, რომ ვითარება გაუარესდება, არა იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებას განახორციელებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი საპრეზიდენტო ადმინისტრაცია არ იქნება ისეთი გავლენიანი საგარეო ურთიერთობების კუთხით ვიდრე აქამდე. შესაბამისად, ვფიქრობ რომ იქნება გაგრძელება არსებული კურსის.
თავად რუსეთში, ამ არჩევნებს ყურადღებით აკვირდებოდნენ, რათა ენახათ, თუ როგორი საარჩევნო ხმები დაუგორვდებოდა მაგალითად ბურჯანაძეს, რომელიც უფრო ღიად უჭერს მხარს რუსული მხარის დაკმაყოფილებას. ის, რომ მან უფრო ნაკლები ხმები მოაგროვა ვიდრე მას ან თავად რუსეთს უნდოდა ნიშანია იმისა, რომ პრო-რუსული პოლიტიკა ჯერ კიდევ ტოქსიკურია საქართველოში. ის ხმებიც, რაც ბურჯანაძემ მიიღო, უფრო მეტად მოდიოდა იმ ხალხისგან, ვისაც იმედები გაუცრუვდა ქარუთლი ოცნების მოღვაწეობით. მაგრამ ვფიქრობ რომ რუსეთის მხრიდან მეტი ჟეწლაა მოსალოდნელი ვილნიუსის სამიტამდე, იმ დროს, როცა ვიცით რომ ასოცირების შეთანხმების გაფორმება შესაძლოა გაზაფხულზე მოხდეს.