რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ "უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემთხვევაში", რუსეთი იძულებული გახდებოდა, ბირთვული იარაღი გამოეყენებინა. განცხადება სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" მან 30 ივლისს გამოაქვეყნა.
მედვედევი ახლა ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს. ის ამ თანამდებობაზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწეა.
"უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ნატოს მიერ მხარდაჭრილი უკრაინელი ბანდეროველების შეტევა წარმატებული გამოდგა და მათ ჩვენი მიწის ნაწილი წაიღეს. მაშინ ჩვენ მოგვიწევდა პრეზიდენტის 02.06.2020 განკარგულების მიხედვით, ბირთვული იარაღის გამოყენება. სხვა გზა უბრალოდ არ იქნებოდა" - წერს მედვედევი.
ამას რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, გლობალური კონფლიქტის თავიდან აცილების საჭიროებით ხსნის.
"კოლექტიური მტრის კონტრიერიშის მოგერიებით, ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავენ რუსეთის მოქალაქეებს და ჩვენს მიწას. ეს ყველა ღირსეულ ადამიანს საკმაოდ გარკვევით ესმის. ამას გარდა, ისინი გლობალური კონფლიქტის აღკვეთასაც ახდენენ" - აცხადებს მედვედევი.
რუსეთის ბირთვული დოქტრინის მიხედვით, მოსკოვს, რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში, ატომური იარაღის გამოყენება შეუძლია. ეს შესაძლებელია მაშინაც კი, თუკი აგრესია ჩვეულებრივი შეიარაღებით ხდება, რადგან საფრთხე რუსეთის სახელმწიფოს არსებობას ადგება.
უკრაინა კონტრიერიშის გზით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობს. 17 თვის წინ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, რუსეთმა მეზობელი სახელმწიფოს მიწების თითქმის 20 პროცენტი დაიკავა.
ასევე ნახეთ: უკრაინა ამერიკასთან უსაფრთხოების გარანტიებზე კონსულტაციას იწყებს