მაუის საგანგები ვითარების მართვის უფროსი, კრიტიკის ფონზე თანამდებობიდან გადადგა

ოფიციალური პირების ცნობით, ჰავაის მაუის საგრაფოს საგანგებო ვითარების მართვის ადმინისტრატორი ჰერმან ანდეია, რომელსაც ადგილობრივები და მედია, მომაკვდინებელ ტყის ხანძრებზე არასაკმარისი რეაგირების გამო აკრიტიკებდნენ, ხუთშაბათს თანამდებობიდან გადადგა. ხანძრებში სულ მცირე 111 ადამიანი დაიღუპა.

მაუის საგრაფოს მერის, რიჩარდ ბისენის განცხადებაში ნათქვამია:

„ჩვენს წინაშე მდგარი კრიზისის სიმძიმის გათვალისწინებით, ჩემი გუნდი და მე, ამ საკვანძო თანამდებობაზე ვინმეს რაც შეიძლება სწრაფად დავნიშნავთ და ამას მალე გამოვაცხადებთ.“

ასევე ნახეთ: ჰავაი - ხანძრის მსხვერპლი 110-ს აღწევს

თანამდებობიდან გადადგომა ხდება პრეს-კონფერენციაზე ანდეიას პირველად გამოჩენიდან ერთი დღის შემდეგ. პრეს-კონფერენცია შედგა ერთ კვირაზე მეტი დროის გასვლის შემდეგ კატასტროფიდან, რომელმაც გაანადგურა ან დააზიანა 2200 შენობა და დაახლოებით 5,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია. ასობით ადამიანი ჯერ კიდევ ვერ იპოვეს.

მაუის ზოგიერთმა მცხოვრებმა თქვა, რომ ადამიანების გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა საგანგაშო სირენები რომ ამუშავებულიყო, მაგრამ ანდეიას სააგენტომ ის არ გამოიყენა და ამბობს, რომ სირენები არაეფექტური და დამაბნეველი იქნებოდა.

ანდეიამ თქვა, რომ საზოგადოება გაწვრთნილია სირენების ხმაზე შემაღლებულ ადგილს მიაშუროს და შიშობდნენ ადამიანები მთისკენ, პირდაპირ ცეცხლისკენ წავიდოდნენ.

ხუთშაბათს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატების მთავრობა მაუის ხალხის დახმარებას გააგრძელებს. ბაიდენმა თქვა, რომ ფედერალურმა მთავრობამ განადგურებულ ქალაქში უკვე გაგზავნა ასობით მაშველი, ათასობით საკვები რაციონი და ისეთი აუცილებელი ნივთების მარაგები, როგორიც გასაშლელი საწოლი და საბანია.

ჰავაის მთავარმა პროკურორმა ანა ლოპესმა ხუთშაბათს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში თქვა, რომ დანიშნა დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც გამოიძიებს, თუ შტატის და საგრაფოს ოფიციალურმა პირებმა მომაკვდინებელ ტყის ხანძარზე როგორი რეაგირება მოახდინეს.

გადამწვარ ქალაქ ლაჰაინაში მოხალისეები ახდენენ შეწირულობებს, ეხმარებიან სურსათის და წყლის განაწილებაში და ადგილობრივებს ემოციური მხარდაჭერით უზრუნველყოფენ.