ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰავაი - ხანძრის მსხვერპლი 110-ს აღწევს


მაუის კუნძული, ქ. ლაჰაინა, ჰავაი. 15 აგვისტო, 2023
მაუის კუნძული, ქ. ლაჰაინა, ჰავაი. 15 აგვისტო, 2023

ჰავაის კუნძულ მაუიზე ცხოვრება თანდათან ძველ კალაპოტს უბრუნდება. მძვინვარე ხანძრებიდან ერთი კვირის შემდეგ, გრძელდება ქუჩების წმენდა, იწყებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაუიში თანდათან იხსნება სკოლები, ბიზნესები და საჯარო დაწესებულებები.

მსხვერპლის რაოდენობა ჰავაის კუნძულებზე 110-ს აღწევს, თუმცა დაკარგულ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ. მაშველებმა ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი გაწმინდეს.

ქალაქ ლაჰაინაში, სადაც მთელი უბნები დაიწვა, ცეცხლს მარტო 3 სკოლა გადაურჩა, სადაც სწავლის გაგრძელება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. "ჯერ კიდევ უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ მთლიანობაში, შენობები და საკლასო ოთახები სტრუქტურულად კარგ მდგომარეობაშია, რაც იმედისმომცემია" - ამბობს ჰავაის განათლების დეპარტამენტში სასკოლო მიმართულების ხელმძღვანელი ქეით ჰაიაში.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მაუიში ჩასვლას ორშაბათს, 21 აგვისტოს გეგმავს. კრიზისების მართვის ფედერალურმა სააგენტომ (FEMA) მაუიში საგანგებო ცენტრი გახსნა, რომელსაც დაზარალებულთათვის ხელმისაწვდომ დახმარებაზე ინფორმაციის მიწოდება ევალება - აცხადებს FEMA-ს ადმინისტრატორი დაიან კრისველი.

ქალაქ ლაჰაინაში ათასობით შენობა და ასობით მანქანაა დამწვარი. ეს შტატის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძარია. მაშველთა დასახმარებლად მეზობელი შტატებიდან რამდენიმე სხვადასხვა სამსახური ჩავიდა. გასულ კვირაში კალიფორნიის და ვაშინგტონის შტატებიდან დაღუპულთა საპოვნელად მაძებარი ძაღლები გააგზავნეს.

ხანძრების გავრცელებას ამ ზაფხულს რეკორდულმა სიცხემაც შეუწყო ხელი. ველურ ბუნებაში გაჩენილი ხანძრები თვეების განმავლობაში მძვინვარებდა კანადაში. რთული ვითარება იყო ევროპის სამხრეთ ნაწილშიც. მეცნიერები ფიქრობენ, რომ წიაღისეული საწვავის გამოყენებით და სხვა მიზეზებით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების გამო, მომავალში ხანძრები და ექსტრემალური ამინდის მოვლენები გახშირდება და თან გაძლიერდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG