რუსეთში, მოსკოვიდან დაახლოებით 1000 კილომეტრში, მასშტაბური აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობის მიხედვით, აფეთქება გვიან ღამით, ქალაქ ვოტკინსკში მოხდა, ქალაქში, სადაც სამხედრო წარმოების ობიექტები მდებარეობს და საომარ რაკეტებს აწარმოებენ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, რომელიც ასახავს აფეთქების მომენტს და მის მასშტაბს.
ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, რომ აფეთქება მოხდა მანქანათმშენებელ ქარხანაში, სადაც რუსეთში ყველაზე დახვეწილ რაკეტებს აწარმოებენ, მათ შორის იმ ტიპის რაკეტებს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფარგლებში გამოიყენება.
მოგვიანებით აფეთქების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“. ის სასწარაფო დახმარების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ქარხანაში „სარაკეტო ძრავების დაგეგმილი ტესტირება ჩატარდა“.
„ეს არ არის საგანგებო, არამედ დაგეგმილი ღონისძიება“,- ამბობს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერი რუსულ მედიასთან საუბარში. მიუხედავად ამ ოფიციალური განცხადებისა, სამინისტროს ვებგვერდზე დაგეგმილი ტესტირების შესახებ განცხადება არ გამოქვეყნებულა.
ამ დროისთვის უცნობია, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი მომხდარ აფეთქებას. სავარაუდოდ აფეთქება მოხდა ვოტკინსკის ქარხანაში, რომელმაც 2023 წლის ბოლოს გმოაქვეყნა 19 სახელმწიფო კონტრაქტი, სადაც ნათქვამი იყო რომ ქარხანა ბირთვული იარაღის კომპონენტების წარმოებას იწყებდა.
ამ ქარხანას ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2011 წელს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს სტუმრობდა და მაშინ მან თქვა, რომ ეს ქარხანა „ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში“. კრემლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარხანაში 250 ადამიანია დასაქმებული.