„დაშორებული პატრიოტიზმი“ თუ ისლამიზმის საფრთხე

CSIS

სერგეი მარკედონოვი: „ნუ დაგვავიწყდება რომ წინ სოჭის ოლიმპიადაა“
როგორ აფასებთ ბოსტონში მომხდარ ტრაგედიას, რომელიც ჩეჩენმა ძმებმა განახორციელეს და ხომ არ უნდა ველოდოთ ამის შედეგად შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ანტიტერორისტულ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებას?
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს კავკასიაში შექმნილი ვითარება, რომელიც აქამდე დავიწყებული იყო, ახლა კი ნომერ პირველი თემა გახდა. ბოსტონის ამბავმა დაადასტურა, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს და ანალიტიკოსებს არ აქვთ ნათლად წარმოდგენილი ჩეჩნეთსა და მთლიანად კავკასიაში არსებული დინამიკა. ბევრი მათგანის კომენტარი გაკვირვებას იწვევდა, როდესაც ვითარებას ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს 1995 წელია. იყენებდნენ ისეთ ტერმინებს, როგორიც არის „ჩეჩნეთის ომი,“ „ჩეჩნური სეპარატიზმი“ და ა.შ. არადა ჩეჩნეთში საომარი მოქმედებები უკვე აღარ მიმდინარეობს. ასეთი ფორმატი ჯერ კიდევ 2002 წელს დასრულდა. რაც შეეხება სეპარატიზმს, ბესლანის შემდეგ, ყველა ტერაქტი ისლამიზმის ლოზუნგით იყო შესრულებული. 2007 წელს კი საერთოდ გაუქმდა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია და მის ნაცვლად შეიქმნა კავკასიის საემირო, რომლისთვისაც უკვე დიდი ხანია გათავისებულია ანტიდასავლური ტენდენციები. მეორე მომენტია თუ რამდენად არიან ეს ძმები კავშირიში კავკასიურ ისლამისტურ ჯგუფებთან. ვფიქრობ, საკითხის ასე დასმა ხელოვნურია. ტერორისტი რომ იყოს ადამიანი არ არის აუცილებელი რომელიმე ქსელთან კავშირი. არც დოკუ უმაროვთან ერთად ჯდომაა აუცილებელი და არც ალ-ყაიდას წევრობა. სავსებით საკმარისია ამისთვის ფრუსტრაციის გრძნობა, თუკი ხართ ემიგრანტი და იმყოფებით თქვენთვის უცხო გარემოში. პოლიტოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება - „დაშორებული პატრიოტიზმი,“ როდესაც ადამიანს სამშობლოსგან აშორებს ასობით და ათასობით კილომეტრი, თუმცა ეს კიდევ უფრო უმძაფრებს სამშობლოს სიყვარულს. ამდენად, აქ ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ კავკასიის პრობლემას, არამედ ემიგრანტების ადაპტაციის საკითხსაც. რაც შეეხება თანამშრომლობას ამერიკასა და რუსეთს შორის - კოოპერაცია ეს უფრო მეტად არის საერთო კონტექსტის ნაწილი. მე არ მჯერა ისეთი კოოპერაციის რომელიც მხოლოდ სპეცსამსახურებს შორის კოოოპერაციისთვისაა. აქ უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, როგორიცაა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები. სამწუხაროდ, ამ ურთიერთობას არ აქვს ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები. ეს რომ ასე იყოს, გაცილებით ადვილი იქნებოდა კონკრეტულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, თუნდაც სპეცსამსახურებს შორის, რომელთაც გააჩნიათ კოოპერაციის გამოცდილება. ასევე გასათვალისწინებელია, თუ რა ტონალობაში იქნება ეს თანამშრომლობა, თუკი ეს იქნება ერთის მხრიდან მასწავლებლის და მეორე მხრიდან მოსწავლის პოზიცია, რასაკვირველია, ესეთი კოპერაცია არ გამოვა. თანაც ნუ დაგვავიწყდება რომ წინ სოჭის ოლიმპიადაა.
როგორ აფასებთ ვითარებას სირიაში და შესაძლებელია თუ არა ამერიკა-რუსეთის თანამშრომლობით ამ კონფლიქტის მოგვარება?
განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, სირიაში არ არის ცივი ომის ფორმატი და ამერიკა-რუსეთის თანამშრომლობა მიმდინარეობს. მიმდინარეობს კონულტაციები, შეხვედრები და განხილვები. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ არის ურთიერთგაგება. რუსეთი შიშობს, რომ ეს სიტუაცია, შესაძლოა გადაედოს რუსეთის მუსლიმურ რეგიონებს, კერძოდ, ვოლგისპირეთს. თუმცა, ეს შიში სერიოზულად არ არის აღქმული მეორე მხარის მიერ. ასევე რუსეთს, ახლო აღმოსავლეთში ყავდა პარტნიორებად საერო სახელმწიფოები, რომლებიც დადებითად იყვნენ რუსეთის მიმართ განწყობილი. სირია ასეთი ქვეყნების რიცხვშია. ვაშინგტონს სხვა შეხედულება აქვს ამ საკითხის მიმართ. აქ არის ერთი ფუნდამენტური განსხვავება. რუსეთი და ჩინეთი სირიის შიდა საქმეში ჩარევის წინააღმდეგ გამოდიან. მეორე საკითხია, რომ რუსეთი თავად ერეოდა სხვის საქმეებში და ამისთვის 2008 წლის გახსენებაც საკმარისია. თუმცა, ამჟამად რუსეთის სახელმწიფო პოზიცია არის ჩაურევლობა. თავად სირიაში კი ვითარება ყოველდღე უარესდება და საშიში ხდება, რადგანაც იზრდება სისხლისღვრის მასშტაბი. ასადი მამამისისგან განსხვავებით ძალაუფლების მიმართ სიყვარულით ნაკლებად გამოირჩევა. თუმცა, მის ჯგუფს, ალავიტებს კარგად ესმით, რომ ასადის, როგორც ლიდერის დაკარგვით მათაც უდიდესი საფრთხე ემუქრებათ. ამდენად, ვითარება ჩიხშია შესული. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ არ არსებობს ამ ვითარებიდან გამოსვლის თუნდაც უტოპიური პროექტის იდეა.
საქართველოს ახალი ხელისუფლება მზად არის დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. რეალური კომპრომისის მისაღწევად რა ნაბიჯებია თქვენი აზრით გადასადგმელი, როგორც თბილისის ასევე მოსკოვის მხრიდან?
რუსეთ-საქართველოს შემთხვევაში არსებობს რიგი თემები რომელთა განხილვაც შეიძლება. ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ერთი საქმე უკვე გაკეთდა. კერძოდ, რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი, როგორც პოლიტიკოსებს ასევე დიპლომატებს შორის გაცილებით მშვიდი გახდა. შეიძლება ვინმე შემომედავოს, რომ ეს არ არის მიღწევა, რადგან არცერთი რეალური სტატუსი არ გადაწყვეტილა. თუმცა, თუ შევადარებთ რა იყო 2 წლის წინ, მაშინ ეს უკვე მიღწევაა. ფიქრები ნორმალიზაციაზე უკვე ნორმალურია. ვფიქრობ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა ეკონომიკის კუთხით. აქ არა მხოლოდ საქართველოშია საქმე, არამედ რუსეთშიც. ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრია, რომელსაც წინ ელოდება ოლიმპიადა და ამისთვის მას ჭირდება მთელი რიგი პრობლემური საკითხების განეიტრალება. ფსონები ძალიან მაღალია. ოლიმპიადა არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროექტი, არამედ ეს არის რუსეთის ელიტის ეკონომიკური პროექტი. ვფიქრობ, ეკონომიკური ურთიერთობები შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი. შემდეგ ამას შესაძლოა მოყვეს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები. ასევე თანამშრომლობა ჩრდილოეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხში, სადაც რუსეთს და საქართველოს საერთო ხელშესახები წერტილები აქვთ.