ლუჰანსკის გუბერნატორი: მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა გართულებულია

უკრაინის ლუჰანსკის რეგიონის გუბერნატორი აცხადებს, რომ რეგიონში რუსეთის ხშირი და ფართომასშტაბიანი საარტილერიო ცეცხლის ფონზე, მშვიდობიანი მოქალაქეების ტერიტორიიდან გაყვანა გართულებულია.

რუსეთი უარყოფს, რომ ის სამოქალაქო მოსახლეობას იღებს სამიზნეში. ლუჰანსკის გუბერნატორმა სერჰი გაიდაიმ თქვა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რეგიონში 59 ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, რუსეთმა მთლიანად გაანადგურა რეგიონის ზოგიერთი საცხოვრებელი ნაწილი.

ასევე ნახეთ: რუსეთი ლვივის შემოგარენს ბომბავს

„არ არის ერთი უბანიც კი, რომელიც არ ყოფილა თავდასხმის სამიზნე,“ - ამბობს გუბერნატორი უკრაინულ მედიასთან. მისი თქმით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სევეროდონეცკში, რუბიჟნესა და პოპასნაში.

მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანას ტერიტორიიდან აქტიური სამხედრო მოქმედებები უშლის. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შაბათს მიღწეული იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ისინი მოახერხებენ საკვების, მედიცინის და სხვა ტიპის დახმარების განაწილებას.

რუსეთი მის ომს უკრაინაში „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთის მიზანი ქვეყნის „დენაციფიკაციაა“.