"საქართველოს უმაღლესი კლასის ჯარისჯაცები ჰყავს. ამის გამო, ავღანეთში მისიებზე წასვლა ყველას ქართველ ჯარისკაცებთან ერთად უნდა", განაცხადა გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა ვაშინგტონში, ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, საქართველომ ავღანეთში დიდი მსხვერპლი გაიღო და სულ მოსახლეზე ქვეყანამ ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა.
გენერალ ჰოჯესს მიაჩნია, რომ “საქართველოს მეტი დასამტკიცებელი არაფერი აქვს იმისთვის, რომ ალიანსის წევრობა დაიმსახუროს.”
“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ჰოჯესმა, რომელიც ევროპაში შეერთებული შტატების არმიის მთავარსალდალი იყო, თქვა, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა აქტიურად გრძელდება როგორც ნატოს, ასე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს ძალისხმევა გამოიხატება საქართველოსთვის დახმარების გაწევაში საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. “გასულ ზაფხულს სამხედრო სავარჯიშოების დროს ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა. ...ამასთან, საქართველოსთვის [ჯავშან-საწინააღმდეგო სისტემა] ჯაველინების მიყიდვა, ცხადია, მნიშვნელოვანია,” თქვა გენერალმა.
საქართველოს ზომიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გენერლის აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანას თავდაცვის სწორი კონცეფცია ჰქონდეს. “საქართველოს საჰაერო ძალების ან შეიარაღების დიდი სისტემების ქონა - რომლის შენახვაც ქვეყანას გაუჭირდება - არ სჭირდება. ამის ნაცვლად, მან უნდა იფიქროს იმაზე, რომ თავის დაცვა შეძლოს იქამდე, სანამ მეგობრები დასახმარებლად ჩავლენ.”
ნატოს ჯარისკაცები და სამხედრო აღჭურვილობა შავი ზღვის გავლით საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩადის ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად. გენერალი ამბობს, რომ ამ ოპერაციას “კონკრეტული” მიზანი აქვს. “ჯერ ერთი, ყველამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ საქართველოს გვერდში ვუდგავართ და რომ მზად ვართ ასეთი მოქმედებისთვის, თუ ამის საჭიროება ოდესმე შეიქმნა. ასევე გვინდოდა იმის გარკვევა, თუ რა დრო დასჭირდებოდა გარკვეულ მოქმედებებს,” თქვა გენერალმა.
საქართველოს თავდაცვის კონცეფციაზე საუბრისას, მან თქვა: “შარშან საქართველოსთან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, თუ როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ქვეყანას რუსეთის შესაძლო თავდასხვამზე - და მოგეხსენებათ ამის გამორიცხვა არ შეიძლება. როგორ შეიძლება ლანდშაფტის, იარაღის სისტემების, წინაღობების, ნაღმების და მსგავსი მეთოდების გამოყენება იმისთვის, რომ [რუსეთს] საკმარისი ტკივილი მიადგეს და საქართველო მისთვის მოუნელებელი ლუკმა იყოს.”
გენერალი აცხადებს, რომ თავდაცვის სწორი კონცეფცია საქართველოს სამხედრო შესყიდვების საფუძველი უნდა გახდეს. “იყიდეთ ისეთი იარაღი, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა გახდეთ”, ამბობს ჰოჯესი.