ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 დეკემბერს განაცხადა, რომ ესტონეთთან კოორდინაციით გააფართოვეს სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და მას დაამატეს კიდევ 17 პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ ორი ქვეყანა არ აპირებს შეეგუოს მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ ძალადობას. რამდენიმე საათით ადრე სანქცირების შესახებ გამოაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
ლიეტუვის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან იგივე პირები, რომლებსაც 5 დეკემბერს პერსონალური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა უკრაინამ, გარდა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანთან ერთად ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ სანქციები 2 დეკემბერს დაუწესეს.
განცხადებები გააკეთეს, საქართველოს მთავრობაში, სანქციების გაფართოებაზე პირადად ისაუბრა ქვეყნის პრემიერ-მინსტრმა, ირაკლი კობახიძემაც. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში” რჩება ლიეტუვასა და ესტონეთთან, რომლებმაც სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენელს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს:
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა ჩვენი მხრივ არ შევუქმნათ საფრთხე ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის”.
ასევე ნახეთ: RFE/RL: ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხარი დაუჭირამთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიც წერია, რომ ესტონეთსა და ლიეტუვას „ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი", მათი მთავრობები „არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ" და „იძულებული არიან საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ". რომელი ქვეყნის „კარნახით" მოქმედებენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ეს განცხადებაში მითითებული არ არის.
პრემიერმა კობახიძემ მომხდარს "პროვოკაცია" უწოდა და დაამატა, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე - ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე საქართველოს მთავრობის "პრაგმატული" მიდგომა უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო.
„ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე - ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები. ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერი ასეთ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო. ზოგადად მიუღებელია ის, რომ ორი სახელმწიფო მოქმედებს არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე დაკვეთით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.