პირველი მრავალპარტიული არჩევნები ლიბიაში

პოლიტოლოგების შეფასებით ყველაზე დიდ წარმატებას ისლამისტები და სეკულარული მიმართულების ჯგუფები მოიპოვებენ
ლიბიის ეროვნული ასამბლეის 200 მანდატის მოპოვებისთვის 1400 კანდიდატი იბრძოლებს. შაბათს, 7 ივლისს ქვეყანაში უკანასკნელი 60 წლის მანძილზე პირველი თავისუფალი არჩევნები ტარდება. ასამბლეა დროებით მთავრობას შექმნის, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუციაზე მუშაობა უნდა დაიწყოს.

ტრიპოლის ცენტრალური მოედანი დღეს ჩვეულებრივი წინასაარჩევნო რეკლამებით არის მორთული. მას სულ ახლახან სახელი შეუცვალეს და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ლიბიელების საპატივცემულოდ წამებულთა მოედანი დაარქვეს. რევოლუციამ მუამარ კადაფის 42-წლიან მმართველობას მოუღო ბოლო.

მოედნის კაფეებში და რესტორნებში მხოლოდ არჩევნებზე საუბრობენ. სტუდენტი ამინ სიალა დიდ ბრიტანეთში სწავლობს და შინ საზაფხულო არდადეგებზე ჩამოვიდა.

ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ გამოსწორდება. ჯერჯერობით ასეა. მაგრამ გვჯერა, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. არჩევნების ჩატარებას, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას და შემდეგ უკვე ცვლილებების გატარებას დრო დასჭირდება“ - ამბობს ის.

მოშორებით, ძველ რომაულ ნანგრევებთან მდებარე ტრადიციულ ლიბიურ კაფეში უფრო ასაკოვანი პუბლიკაა შეკრებილი. მუჰამედ ალ-ჰადი ბინ-ნობა თვლის, რომ ლიბიელთა დიდ ნაწილს რეალურად არც ესმის, თუ ვის და რას აძლევს ხმას. თუმცა, ამ ეტაპზე შეიძლება ამას არც ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა:

არჩევნები შეიძლება მეორეხარისხოვნად ჩაითვალოს, იმდენად დიდია რევოლუციის და იმ სისხლის მნიშვნელობა, რომელიც გამარჯვებისთვის დაიღვარა“ - აღნიშნავს ბატონი ბინ-ნობა.

ლიბიაში უსაფრთხოების საკითხი ჯერ კიდევ აშფოთებთ. ცალკეულ ტომობრივ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები ისევ ხდება. ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ ბოლო კვირის ანგარიშით მათი გაკონტროლება აუცილებელია.

ენტონი სკინერი, ბრიტანელი ანალიტიკოსი მეიფლკროფტის რისკის ანალიზის ფირმიდან, თვლის, რომ შეშფოთებას სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვს, თუმცა ლიბიის განვითარების ზოგადი ტრაექტორია მაინც პოზიტიურად გამოიყურება.

რა თქმა უნდა სხვადასხვა ჯგუფები საკუთარი ინტერესების დაცვისთვის და ძალაუფლების მოპოვებისთვის იბრძოლებენ. ეს გარდაუვალია. ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდძალი შეიარაღებაა და ცალკეული მებრძოლებიც ბევრია, ვინც არმიის გარეთ დარჩა. ამიტომ პატარ-პატარა შეტაკებები გაგრძელდება“ - აღნიშნავს ბრიტანელი ანალიტიკოსი.

ლიბიელთა უმეტესი ნაწილისთვის ეს პრობლემები და შეშფოთება დღეს უკანა პლანზეა გადასული. მოედანზე მოსეირნე წყვილი, ექიმი მუჰამედ რედა მანგუსი და მისი მეუღლე ნაიმა ალ-ტაჰერი პირველი მრავალპარტიული არჩევნების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავენ. მუჰამედი 1952 წლის ლიბიის ბოლო თავისუფალი არჩევნების მომსწრეა.

იმ დღეს ექვსი წლის თუ ვიქნებოდი. მაინც მახსოვს, თითქოს სიზმარი იყო. ჩემს ქალაქში არჩევნები ტარდებოდა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ისევ მოვესწარი ამას“ - ამბობს მუჰამედი.


„უკვე ისიც მყოფნის, რომ ამ რეკლამებს ვუყურებ და უამრავი კანდიდატის ფოტოს ვათვალიერებ. ადრე ერთი ფოტო იყო და ერთი ადამიანი ყველა ქუჩაზე და ყველა შენობაში. კადაფის მეტს ვერავის დაინახავდი“ - დასძენს ქალბატონი ნაიმა.

საარჩევნო კამპანიას 140 პარტიასთან და უამრავ წვრილ-წვრილ ფრაქციასთან ერთად ასობით დამოუკიდებელი კანდიდატი აწარმოებს. პოლიტოლოგების შეფასებით ყველაზე დიდ წარმატებას ისლამისტები და სეკულარული მიმართულების ჯგუფები მოიპოვებენ. თავად ლიბიელი ამომრჩევლები კი თვლიან, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ქვეყანა უკვე თანამედროვე განვითარების სწორ გზაზე დგას და მას ამ გზიდან ვერანაირი ძალა ვერ გადაახვევინებს.