წყალდიდობამ ლიბიის ქალაქის მეოთხედი წალეკა

შიშობენ, რომ სამშაბათისთვის ლიბიაში სულ მცირე 10,000 ადამიანია დაკარგული წყალდიდობაში, რომელიც დიდმა შტორმმა გამოიწვია. შტორმმა დაანგრია ჯებირები, წალეკა შენობები და ქალაქ დერნას თითქმის მეოთხედი გააქრო.

მხოლოდ დერნაში უკვე 1,000-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს და ოფიციალური პირები მოელიან, რომ მსხვერპლის რაოდენობა ბევრად მეტი იქნება. შტორმი „დანიელი“ ხმელთაშუა ზღვიდან შეიჭრა ქვეყანაში, სადაც უკვე ათწლეულზე მეტია კონფლიქტი არ წყდება.

დაახლოებით 125, 000 მცხოვრებიან, ზღვისპირა ქალაქ დერნასკენ მიმავალმა „როიტერის“ ჟურნალისტმა ნახა გადაბრუნებული ავტომანქანები, წაქცეული ხეები და დატბორილი სახლები.

ასევე ნახეთ: საბერძნეთში წყალდიდობას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქვეყნის აღმოსავლეთის ადმინისტრაციის სამოქალაქო ავიაციის მინისტრი და საგანგებო კომიტეტის წევრი ჰიჩემ აბუ ჩკიუათი „როიტერს“ და შემდეგ „ალ ჯაზირას“ ტელეფონით ესაუბრა და განაცხადა, რომ მოსალოდნელია ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 2,500 გადააჭარბოს.

წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა თამერ რამადანმა ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენს დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავადასტუროთ ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის დაკარგული ადამიანების რიცხვი 10,000-ს უახლოვდება.“

ქალაქ დერნას შუაზე ყოფს სეზონური მდინარე, რომელიც მთებიდან სამხრეთისკენ მიედინება. ქალაქს წყალდიდობისგან ჩვეულებრივ ჯებირები იცავს. სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც დანგრეული კაშხლის ნარჩენები ჩანს.

დახმარების ქარავნები ქალაქისკენ მიემართებიან. ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ვერ აკონტროლებს, მაგრამ დერნაში დახმარება გაგზავნა.

სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ ლიბიაში დახმარებას გაგზავნიან.