ამერიკა და გაერთიენებული ერების ორგანიზაცია ერთობლივად მასპინძლობენ ბერლინში დაწყებულ კონფერენციას, რომელიც ლიბიის პოლიტიკურ მომავალს ეძღვნება. სახელმწიფო ლიდერები გაეროს ხელმძღვანელებთან ერთად, ცდილობენ მონახონ გზები იმისთვის, რომ ლიბიაში ბრძოლები საბოლოოდ შეწყდეს და ტრიპოლის სტაბილური მთავრობა ჰყავდეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გერმანიაში იმყოფება, სადაც ის ქვეყნის ლიდერებს ხვდება. "ჩვენ გვაქვს შანსი, როგორიც ბოლო წლებში არ გვქონია, რათა რეალურად დავეხმაროთ ლიბიას მშვიდობიანი, უსაფრთხო, სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში" - თქვა ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბლინკენის თქმით, კონფერენციაში მონაწილეთა შორის კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ლიბიის დასახმარებლად. ეს ძირითადად შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანმიმდევრულად დანერგვის და ქვეყნიდან უცხოეთის ძალების გასვლის უზრუნველყოფის გზებს.
რიჩარდ ნორლანდმა, შეერთებული შტატების საგანგებო დესპანმა ლიბიაში, ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადამწყვეტ როლს ლიბიის მომავალში არჩევნები ითამაშებს. ამისთვის სასწრაფო ზომებია მისაღები, რათა შეიქმნას კენჭისყრისთვის აუცილებელი კონსტიტუციური და ლეგალური ბაზისი, რომ დეკემბერში დაგეგმილმა არჩევნებმა წარმატებით ჩაიაროს.
ასევე ნახეთ: ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გერმანიაშილიბიაში პოლიტიკური არეულობა 2011 წლის ამბოხის შემდეგ დაიწყო, რომელსაც მხარს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უჭერდა. ამბოხებულებმა ქვეყნის დიდი ხნის ლიდერი მოამარ კადაფი გადააგდეს. მას შემდეგ, წლების მანძილზე, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი მთავრობები მოქმედებდნენ.
ოქტომბერში მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის ერთ-ერთი პირობის მიხედვით, ლიბია ყველა უცხოელ მეომარს 90 დღის მანძილზე უნდა დაეტოვებინა. რიჩარდ ნორლანდი ამბობს, რომ უცხოეთის ძალები ქვეყნიდან არ გასულან და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნის მიღწევა არჩევნებამდე მოხდეს.
"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანია, სწორედ ისაა, რომ სრული ძალაუფლების მქონე, სანდო, ლეგიტიმურ ლიბიის მთავრობას შეეძლება მოუბრუნდეს უცხოელ მოქმედ პირებს და უთხრას: დადგა დრო თქვენი ჯარები გაიყვანოთ" - განაცხადა ამერიკის საგანგებო დესპანმა ლიბიაში. ნორლანდის თქმით, კონფერენციაზე ბოლო პერიოდში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებსაც განიხილავენ, რომელსაც ლიბია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებს აბრალებს.
ასევე ნახეთ: დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებიისლამური სახელმწიფოს დამარცხების საქმე კიდევ ერთი კონფერენციის თემა იქნება, რომელიც იტალიის დედაქალაქ რომში იგეგმება. მას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ერთად, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო უმასპინძლებს. ამის შემდეგ ენტონი ბლინკენი სირიის თემაზე გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ის მოგვიანებით ვატიკანში, რომის პაპსაც ეწვევა.
ბლინკენის ევროპული ტურნე საფრანგეთში ვიზიტს და საფრანგეთის ლიდერებთან, მათ შორის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრასაც მოიცავს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ექნება შანსი კიდევ ერთხელ გადასცეს საფრანგეთს, "ჩვენს უძველეს მოკავშირეს, პრეზიდენტის გზავნილი და ესაუბროს მას თანამშრომლობის სფეროებზე, რომელიც მოიცავს გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის - პანდემიიდან გამოსვლის, ალიანსების აღდგენის და მოდერნიზების მიმართულებით" - თქვა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ფილიპ რიკერმა. ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებს ევროპის და ევრაზიის საკითხებში.